გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით მემაცივრე ტექნიკოსების გადამზადება მიმდინარეობს
გაეროს განვითარების პროგრამის „ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების ეტაპობრივად ამოღების მართვის გეგმა” ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის მხარდაჭერით, მემაცივრე ტექნიკოსების გადამზადება მიმდინარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, გადამზადების პროცესში ტექნიკოსები გარემოსათვის სახიფათო ნივთიერებებთან მოპყრობის საფუძვლებს შეისწავლიან და ალტერნატიულ-ოზონუსაფრთხო ნივთიერებებზე მომუშავე დანადგარების მომსახურების თანამედროვე პრაქტიკას გაეცნობიან.
პროექტის ფარგლებში სწავლებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, 150 ტექნიკოსი გაივლის.
კურსის ფარგლებში, ტექნიკოსები ასევე ტოქსიკურ და ფეთქებად საშიშ ნივთიერებებთან, ბუნებრივ მაცივარაგენტებთან მოპყრობას დაეუფლებიან. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც სწრაფად იზრდება ამ ნივთიერებებზე მომუშავე მოწყობილობების რაოდენობა.
შესაბამისად, მათი მომსახურებისას აუცილებელია არა მარტო ტექნიკური ასპექტების, არამედ უსაფრთხოების ნორმების ცოდნაც.