ბიბლიოთეკაში აკვიატებული მელოდია და წარმატებები ,,ევროვიზიიდან“ ,,იქს ფაქტორამდე“

      კომპოზიტორი ნანა დაუშვილი,- მის ძალიან ქართულ სიმღერებს მისივე წარმატებული და პოპულარული აღსაზრდელები ასრულებენ.  იგი “მეგას“ პოპულარული კომპოზიტორის ნომინაციაში გამარჯვებულია და, მართლაც, სახალხო ხელოვანი, ვისი სიმღერებიც ერთი მოსმენით გამახსოვრებინებენ თავს.

– ქალბატონო ნანა, შარშან თბილისში მუსიკალური დაჯილდოების – „მეგას“მეთოთხმეტე ცერემონიალზე ნომინაციაში „პოპულარული კომპოზიტორი“ თქვენ გაიმარჯვეთ. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა თქვენი ასეთი პოპულარობა?
-“მეგას“ ცერემონიალზე  ნომინაციაში – პოპულარული კომპოზიტორი გავიმარჯვე,-  ეს ჩემთვის და მე ვფიქრობ, რომ ყველა შემოქმედისთვის უდიდესი ჯილდოა, რადგან ეს საკუთარი შრომის ნაყოფია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამ ცერემონიალის უცვლელ ორგანიზატორს და ქომაგს ბესო ჩუბინიძეს, ასე დაუღალავად რომ აკეთებს ამ კონკურსს, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ არა მხოლოდ მე, მთელი მუსიკალური სამყარო. რაც შეეხება პოპულარობის მიზეზს, ეს ალბათ მარტივია, იმ გაგებით, რომ აიხსნება ჩემი პროფესიის მიმართ სიყვარულითა და, რაღა თქმა უნდა, მაყურებლისა და მსმენელის სიყვარულით. დიდ სითბოსა და სიყვარულს ჩემი შემოქმედების   მიმართ მათგანაც ვგრძნობ. სიმღერის პოპულარობას ასევე განაპირობებს მომღერალი, შემსრულებელი, არანჟირების და, რა თქმა უნდა, ლექსის ავტორი,- ანუ ყველაფერი ერთად…
– როგორ იწერება სიმღერები, რომლებსაც მაყურებელი პირველივე მოსმენით იმახსოვრებს?
– სიმღერებს, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, რატომღაც ვწერ ღამის საათებში, როდესაც გარშემო სიწყნარეა, სიმშვიდე   და რაც მთავარია, მაშინ, როცა წინასწარ გააზრებული მაქვს, თუ ვისთვის ვქმნი სიმღერას,- ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში კი, მთავარია, რომ სიმღერა მელოდიური და ხალხისთვის მისაწვდომი და მისაღები იყოს.
– რომელიმე სიმღერის დაწერის უცნაურ  ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებთ?1555870_716276925070139_468549232_n
– ჩემი ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ხალხს ძალიან შეუყვარდა და ყველა თაობამ იმღერა და დღემდე მღერის, ესაა,- “დაგელოდები“, რომელიც უჩვეულო სიტუაციაში დავწერე. მახსოვს, ჩემს მეგობრებთან  ერთად რეპეტიციებს ვატარებდი სულხან საბას ინსტიტუტში მუსიკის კათედრაზე, სადაც სრულიად შემთხვევით ბიბლიოთეკაში, ჟურნალ-გაზეთების დათვალიერებისას, ერთ ლამაზ ლექსს წავაწყდი. ის გაზეთი უცებ ავიღე და ჩქარი ნაბიჯებით  იქიდან წამოვედი. ჩემი მეგობრები სახტად დარჩნენ… მე კი ავუხსენი, რომ ახლა სიმღერა უნდა დავწერო, უნდა გამეცალოთ და ხმა არ უნდა ამოიღოთ-მეთქი. ამის მერე  ტრანსპორტში ვიჯექი და  გზაში მელოდიას ჩუმად ვღიღინებდი, თან იქვე ჩავიწერე, რომ  მელოდია არ დამვიწყებოდა…. მახსოვს, ხალხი გაოცებული მიყურებდა, ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა. მე კი ისე ვიყავი ჩართული, რომ არავინ მაინტერესებდა. ბოლოს გზაში დაწყებული სიმღერა სახლში დავასრულე. თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ  ეს სიმღერა აღმოჩნდა წარმატებული. მისი პირველი შემსრულებლები იყვნენ: თემურ თათარაშვილი და მაიკო ჯაბუა, შემდეგ კი დუეტმა “ჯორჯიამ“ ასევე ბრწყინვალედ შეასრულა. მინდა დავამატო, რომ მე “ევროვიზიაზე“ ვიყავი, სადაც ნოდიკოს და სოფოს პედაგოგად  ვახლდი.
– ქალბატონო ნანა, თქვენ არა მარტო კარგ სიმღერებს წერთ, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევით და თქვენი მოსწავლეები დღეს საქართველოში ცნობილი, წარმატებული მომღერლები არიან.
– მე ყოველთვის მიტაცებდა ბავშვებთან მუშაობა, რადგან ესეც ჩემი ცხოვრების და შემოქმედების ნაწილია, სიამაყით მინდა, აღვნიშნო, რომ  საქართველოს ძალიან ნიჭიერი მომღერლები ჰყავს, მათ შორის: ნოდიკო ტატიშვილი, ნინი წიკლაური, ნინი შერმადინი, მარიკა ქაცარავა, ანსამბლ “ალილოს“ ორი  უნიჭიერესი მომღერალი, ანსამბლ “ეგარის“ ერთ-ერთი წევრი, ასევე – ლევან შენგელია, გიორგი ჩიქოვანი და სხვები.
– თქვენ საყვარელი ავტორები გყავთ, ვის ლექსებზეც სიმღერებს წერთ…
– მე სიმღერების წარმატებისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ გამართულ სტრიქონსა და მის შინაარსზე. მე ყველა პოეტთან  ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს და ყველა მათგანს უდიდეს მადლობას ვუხდი. მათ შორისაა: აწ გარდაცვლილი მორის ფოცხიშვილი, ტერეზა ჯოჯუა, ანა კალანდაძე, ნანა ცინცაძე, ირინა სანიკიძე, გური ოტობაია და ზურა გოშაძე, რომლის ლექსებზე თუ ტექსტებზეც ბევრი სიმღერა შეიქმნა. ასე რომ იყო შემთხვევები, რომ მას სუფრასთან დაწერილი აქვს ჩემი სიმღერისთვის ტექსტი. სუფრის  ქაღალდზეც დამიწერია და  ეს ჩაწერები შენახულიც მაქვს.
– ქალბატონო ნანა, ტელეპროექტში „ახალი ხმა“ თქვენი მოსწავლეებიც გამოდიოდნენ…10008611_716277008403464_1399784081_n
– ჩემი აღზრდილები საკმაოდ წარმატებით მონაწილეობდნენ ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტში “ახალი ხმა“. ასევე აღსაზრდელებიც, როგორც პატარა, ასევ საშუალო და დიდ ასაკობრივ ჯგუფებშიც, მათ შორის  იყვნენ: გიორგი ჩიქოვანი, ზიზი მაგველაშვილი, თათია დევდარიანი და თიკო მოსემღვდლიშვილი, ანი ჩხეიძე, ანი სოხაძე, ქრისტი მარტიაშვილი, ნინი და ცოტნე ვარსიმაშვილები, ოთო გურცკაია, გიორგი ძოწენიძე და მრავალი სხვა. მაქვს საკუთარი სტუდია, სადაც მრავალი ნიჭიერი ბავშვი გაიზარდა და კიდევ იზრდება, მე ვიცი, რომ ისინიც ძალზე წარმატებულები იქნებიან, ახლახან ოთხი მათგანი  პროექტ ,,იქს  ფაქტორში“ მოხვდა.
– ქალბატონო ნანა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ახალი ქართული სიმღერა პოპულარული გახდეს?
– ახალი სიმღერა, რა თქმა უნდა, მელოდიური, საინტერესო, თვითმყოფადი უნდა იყოს. გამართული ტექსტი და, რაღა თქმა უნდა, კარგი შემსრულებელი და ისევ ვიტყვი, რომ არანჟირება უნდა იყოს ორიგინალური, განსხვავებული, სიმღერის ხასიათიდან არ უნდა იყოს ამოვარდნილი.
– თქვენი ბავშვობიდან გაიხსენეთ რაიმე ეპიზოდი, მუსიკის მასწავლებელი, ადამიანი, რომელმაც სიმღერა შეგაყვარათ?
–  რაც შეეხება მუსიკას, მისი სიყვარული მშობლებმა  და ჩემმა უფროსმა დებმა: ლეილამ და ლაურამ ჩამინერგეს, დღემდე მათი მადლიერი ვარ, ხოლო შემდეგ მე უკვე კლასიკის განხრით ვსწავლობდი და არაჩვეულებრივი პედაგოგები  მყავდა. მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ ფორტეპიანოს პედაგოგი, უნიკალური და უნიჭიერესი ქალბატონი მერი მეძმარიაშვილი, ასევე  კომპოზიციის პედაგოგი, ბატონი ალექსანდრე შავერზაშვილი,  მე ვფიქრობ, არაა მნიშვნელოვანი, რომელ ჟანრში წერ, მთავარია, თვითმყოფადი და ორიგინალური იყოს. ასევე  მქონდა საორკესტრო და საფორტეპიანო პიესები.
– ყველაზე ხშირად განწყობის შესაქმნელად თქვენს რომელ  სიმღერას ღიღინებთ?10000275_716277141736784_363962724_n
– ჩემი რამდენიმე სიმღერა მაქვს აკვიატებული: “გამოგონილი განთიადები“, რომელსაც ბესო კალანდაძე მღერის, ასევე სიმღერები:  “დაგელოდები“ , “ჭიამაია“ და “მაფშალია“,  რომელიც ბოლოს დავწერე და მასზე  გრანდიოზული კლიპი გადაიღეს. ამ სიმღერას ფიქრია მამფორია ასრულებს. მადლობას ვუხდი ბატონ გური ოტობაიას, რადგან ძალიან ლამაზი ლექსი შექმნა და მე მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ამემღერებინა. ამჟამად ოცნებაშიც და იდეაშიც მაქვს მუსიკალური პროექტის გაკეთების  სურვილი, რა პროექტია, ამას არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, რომ ჭეშმარიტ ქართულ მუსიკალურ პროექტს ვისურვებდი, რომელიც ახალ კომპოზიტორებს აღმოაჩენდა.
– რამდენადაც ვიცი, თქვენი საკუთარი არტ-სტუდია „ნანა“ გქონდათ მარჯანიშვილზე. დღესაც თუ ფუნქციონირებს ეს სტუდია?
– მაქვს საკუთარი სტუდია, სადაც მრავლი ნიჭიერი ბავშვი გაიზარდა და კიდევ იზრდება, მე ვიცი, რომ ისინიც ძალზე წარმატებულები იქნებიან. აი, სწორედ ახლახან ოთხი მათგანი პროექტ ,,იქს ფაქტორში“  მოხვდა.

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები