გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება
2 მამაკაცის სავარაუდო ვინაობა, რომლებიც გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ, ცნობილია. როგორც „კვირას“ დიდუბის რაიონის გამგეობის პრესსამსახურის თანამშრომელმა სალომე ფაშტიანმა განუცხადა, გარდაცვლილები ზურა რ. და მამუკა რ. არიან. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი საწყობის გამგე, ხოლო მეორე საწყობის გამგის მოადგილე იყო. დაღუპულები თბილისელები არიან.
ორივე მამაკაცის ცხედარი ამ დრომდე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული. „კვირას“ ინფორმაციით, ცხედრების ინდენტიფიცირებას შესაძლოა, დნმ-ის ანალიზი დასჭირდეს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები სწავლობენ. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
ხანძარი კერძო დაწესებულებაში მოხდა, სადაც საღებავები ინახებოდა. „კვირას“ ინფორმაციით, გუდაუთის ქუჩის N7-ში წლების განმავლობაში პარფიუმერიის მწარმოებელი კომპანია – სააქციო საზოგადოება „ივერია“ იყო განთავსებული.
როგორც „კვირას“ სს „ივერიის“ გენერალურმა დირექტორმა დავით სილაგავამ განუცხადა, სააქციო სააზოგადოება „ივერია“ 2003 წელს რამდენიმედ დაიყო. კერძოდ, ჩამოყალიბდა: სს „ივერია“ – დირექტორი დავით სილაგავა, შპს „ივერია 21“ – თემურ და კონსტანტინე შარვაშიძეები და შპს „ივერია მოტორსი“ – დირექტორი ილია რევაზიშვილი. ამჟამად, სამივე კერძო დაწესებულებაა და ერთი და იგივე მისამართზე არიან დარეგისტრირებულნი.
დავით სილაგავას ინფორმაციით, სს „ივერია“ და შპს „ივერია 21“ დღემდე პარფიუმერიას აწარმოებს, თუმცა, „ივერია 21“ სხვადასხვა საქმიანობასაც ეწეოდა.
„კვირას“ ინფორმაციით, „ივერია 21“-ის დირექტორები თემურ და კონსტანტინე შარვაშიძეები ტერიტორიაზე განთავსებულ საწყობებს სხვადასხვა კომპანიაზე იჯარით გასცემდნენ. ცეცხლი სწორედ შპს „ივერია 21“-ს მიერ გაქირავებულ საწყობში გაჩნდა, სადაც საღებავები ინახებოდა.
ხანძარმა შპს „ივერია 21“-ის საწყობების გარდა, სს „ივერიის“ საწყობი და კომპანია „კავკასუს ონლაინის“ საწყობებიც დააზიანა. გუშინდელ შემთხვევას კომპანია „კავკასუს ონლაინი“ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
„4 აგვისტოს, გუდაუთის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანდა „კავკასუს ონლაინის“ სასაწყობე ფართი, რომელშიც დამხმარე სათადარიგო მასალები იყო განთავსებული. ზარალის ოდენობის დადგენის მიზნით, ამ დროისთვის შენობის დათვალიერება/შესწავლა მიმდინარეობს“, – ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
სს „ივერიის“ გენერალური დირექტორის დავით სილაგავას ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ცეცხლი მათ ტერიტორიაზე განთავსებულ საწყობსაც მოედო, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
რაც შეეხებათ „ივერია 21“-ის გენერალურ დირექტორებს, ისინი მედიის კითხვებს არ პასუხობენ. გარდა ამისა, ჟურნალისტებს ტერიტორიაზე არ უშვებენ.
„არ ვიცი, ვინ გარდაიცვალნენ, ჩემი თანამშრომლები არ იყვნენ, არ მცალია, თქვენი თავი არ მაქვს. უფლება მაქვს, საერთოდ არ გიპასუხოთ, საჯარო სამსახური კი არ ვარ, კერძო პირი ვარ და კერძო საქმიანობას ვეწევი“, – განაცხადა კონსტანტინე შარვაშიძემ და ტელეფონი გათიშა.