კახა კახიშვილი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც დაწესებულებებში სასჯელაღსრულების რეფორმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და იმედი გამოთქვა, რომ დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად წაადგება სისტემის გაჯანსაღების პროცესს.
მინისტრი ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს, თუმცა განმარტავს, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იქნებადა ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
მინისტრი თითოეული დაწესებულების პრობლემებით დაინტერესდა და მათი მოგვარების გზები დასახა.
„გზავნილი არის მარტივი – უნდა უზრუნველვყოთ იმის შესრულება, რასაც კანონი გვავალდებულებს. მე ვიქნები თითოეული თანამშრომლის მეგობარი, ოჯახის წევრი იმ შემთხვევაში, თუ ის იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ამავდროულად, მინისტრი ყველა იმ ადამიანის ოპონენტი იქნება, ვინც გადაუხვევს სისტემის პოლიტიკას და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა მისთვის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგმება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, პრობლემების გაცნობის მიზნით, ყველა დაწესებულების მონახულებას და მსჯავრდებულებთან შეხვედრას გეგმავს.