არასამთავრობო ორგანიზაციები ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან აქციას გამართავენ
ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია პარასკევს, 7 აგვისტოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან აქციას გამართავს.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე , „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ პრესსპიკერი სანდრო უსტიაშვილი აცხადებს, აქციაზე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული სამხედრო ოპერაციების შედეგად მიღებულ ტრაგიკულ შედეგებს გააპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ასევე ჰააგის ტრიბუნალის მიერ მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას ითხოვენ.
“კვირა” არასამთავრობოების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“პარასკევს, 7 აგვისტოს, 9 არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციას ვმართავთ, რათა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული სამხედრო ოპერაციების შედეგად მიღებული უმძიმესი, ტრაგიკული შედეგები გავაპროტესტოთ. 2008 წლის აგვისტოს ომი შავი ლაქა და ტრაგიკული ფურცელია საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის შედეგადაც მივიღეთ:
1) ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ ერთი, უცხოეთის ქვეყნის მიერ კონტროლირებადი სასაზღვრო ზოლი;
2) ათი ათასობით დევნილი;
3) რაც ყველაზე სამწუხაროა, ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო ოპერაციების დროს დაიღუპა 170 სამხედრო მოსამსახურე, დაიჭრა 1964 სამხედრო მოსამსახურე, 9 სამხედრო მოსამსახურე დაკარგულად ითვლება, დაიღუპა 14 პოლიციელი, 22 პოლიციელი დაკარგულად ითვლება, დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს არასრული ნუსხაა. ამდენად, განუზომელია არა მხოლოდ ადამიანური მსხვერპლი, არამედ ფინანსურ-მატერიალური თუ მორალური ზარალი.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ, რომელსაც ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, მომხდართან დაკავშირებით ათასგვერდიანი დასკვნა მოამზადა. ამ დოკუმენტში ხაზგასმით წერია: ომის დაწყება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალზე მიტანილი იერიშით აღინიშნა. ბრძანება, ბუნებრივია, ყოფილმა მთავარსარდალმა, სააკაშვილმა გასცა, რომელმაც მოგვიანებით ეს ბრძანება, თავის დაცვის მიზნით, გააქრო საკუთარი ვებგვერდიდან.
საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტის – რომის წესდების თანახმად, სახელმწიფოები იღებენ პასუხისმგებლობას, აღასრულონ საერთაშორისო სისხლის სამართლის იურისდიქცია საერთაშორისო დანაშაულის ჩადენისას და ხელი შეუწყონ ხალხებს შორის მშვიდობიან თანაარსებობას.
სააკაშვილს და „ნაცხუნტას“ ეს დოკუმენტი არ გახსენებიათ, როდესაც 2004 წლის ივლისში ომის პროვოცირება სცადეს, ხოლო 2008 წლის აგვისტოში ხელი შეუწყეს საერთაშორისო დანაშაულისა და გენოციდის განხორციელებას.
საერთაშორისო დანაშაულის ცნება გულისხმობს სახელმწიფოთა მიერ ჩადენილ არამართლზომიერ ქმედებას, რომლის შედეგადაც ირღვევა საერთაშორისო ვალდებულებები, ხალხთა შორის მშვიდობა და უსაფრთხოება.
საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულებები განსაზღვრულია საერთაშორისო სასამართლოს 2001 წლის წესდებით (რომის წესდება), რომელშიც შედის გენოციდი.
ყოველივე ამის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, მათთვის პასუხი არავის მოუთხოვია და საქართველოს ხელისუფლებამ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
დაუსჯელობით გათამამებული ექსპრეზიდენტი და მისი მომხრეები როგორც საქართველოში, ისე – უკრაინაში, კვლავ განაგრძობენ პროვოკაციების განხორციელებას და მიზანმიმართულად უწყობენ ხელს ორ ქვეყანას – საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ესკალაციას.
სააკაშვილი, რომელმაც: 1) გზა გაიკვალა რუსეთის უშიშროების გენერლის, საკუთარი ბიძის, თემურ ალასანიას დახმარებით,
2) 2003-2004 წლებში რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის დახმარებით მიაღწია სასურველ მიზანს,
3) 2008 წლის მოვლენების შედეგად რუსეთს სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები გაუმყარა ამიერკავკასიაში,
4) საქართველოს ენერგეტიკაში, საბანკო, კავშირგაბმულობის თუ სხვადასხვა სფეროში ხელი შეუწყო რუსული კაპიტალის ჩადებას და გაძლიერებას, კვლავ უტიფრად საუბრობს რუსეთზე, როგორც მტრის ხატზე და მოსახლეობას თვალში ნაცარს აყრის.
სამართლიანობის აღდგენისა და კანონიერების აღსრულების მიზნით, დღევანდელი აქციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ:
— სააკაშვილი გასამართლდეს ჰააგის ტრიბუნალის მიერ, საერთაშორისო დანაშაულის ჩადენისა და ორი ერის, ქართველებისა და ოსების გენოციდის გამო.
— საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენის ქვეყნის მოსახლეობისადმი ჩადენილი მრავალრიცხოვანი, სხვადასხვა სახისა და ხარისხის დანაშაულის გამო, მოხდეს პოლიტიკური ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიკვიდაცია — საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით.
— მკაცრად დაისაჯონ სააკაშვილის მომხრეები იმ შემთხვევაში, თუ მომავალშიც გააგრძელებენ მეზობელი ქვეყნის, რუსეთის წინააღმდეგ აგრესიულ, შეურაცხმყოფელ რიტორიკას და მაპროვოცირებელი აქციების განხორციელებას, რადგან ეს ყოველივე დიდ ზიანს აყენებს არა მხოლოდ უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ახალ საფრთხეებს უქმნის მას, არამედ სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები 700 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის ბედს.
ამავე დროს, მივმართავთ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც, „ნაცხუნტის“ პიარტექნოლოგიის გავლენით, ჯერ კიდევ სჯერა, თითქოს სააკაშვილის დროს ქვეყანა შენდებოდა: საერთაშორისო რანგის ექსპერტებმა 2011 წელს სააკაშვილის მმართველობა შეიტანეს ავტორიტარული რეჟიმების სიაში.
ამასთან, მრავალწლიანი დაუღალავი შრომა სჭირდება სააკაშვილისა და მისი ტერორისტული დაჯგუფების მიერ ჩადენილ მრავალრიცხოვან დანაშაულთა აღწერას.
ნუ აჰყვებით საქართველოს მოღალატეთა დაუსრულებელ დემაგოგიას. გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების გარშემო.
აქციის მონაწილე ორგანიზაციები, უდიდესი მოკრძალებითა და თაყვანისცემით, პატივს მივაგებთ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაცემული ქართველი მებრძოლების ხსოვნას.
გვინდა გავამხნევოთ მათი ოჯახები და ვუთხრათ:
გმირი შვილების სახელებს ქართველი ერი არასდროს ივიწყებს!”, – ნათქვამია განცხადებაში.
7 აგვისტოს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: „კავშირი – ადამიანის უფლებები და მოვალეობები“, „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“, „თავისუფალი თაობა“, „საქართველოს ახალი დემოკრატები“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, „დაიცავი შენი უფლებები“, „სამართლის კავშირი ჯერარსი“, „ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის“ და „მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარების, ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრი“.