ქედაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ქედაში ავარიის შედეგად დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც ქედის რაიონული საავადმყოფოს ქირურგმა ფრიდონ სირაბიძემ განაცხადა, პაციენტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში, პოლიტრავმით მიიყვანეს და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
“მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს. აღენიშნებოდა პოლიტრავმა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხვადასხვა ორგანოს დაზიანება, ტრავმული შოკი. დაწყებული იყო რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტს მუცლის ღრუს, გულმკერდისა და მენჯის მიდამოების ტრავმები ჰქონდა. გამოძახებული იყო რეანიმაციული ბრიგადა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ მოხერხდა”, – აღნიშნა ფრიდონ სირაბიძემ.
ცნობისთვის: ქედაში დღეს მომხდარ ავარიას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. პიკაპის ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა. მანქანა კურორტ ბეშუმიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა.