ილია მეორე: ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდება სხვა მანქანა, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს
ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდება სხვა მანქანა, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა ერთი ადამიანის ამბავი გაიხსენა, რომელსაც ჰყავს მანქანა და ამბობდა, რომ როდესაც ქუჩაში დგას და მასთან ძალიან ახლოს ჩერდება სხვა მანქანა, ის მძღოლს ესალმება და ხელით ანიშნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, თავადაც იგივე გააკეთონ.
“მე მინდა, რომ ეს წესი შემოვიდეს ჩვენთან. ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდება სხვა მანქანა, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისივე თქმით, ყოველი ადამიანი უნდა იყოს სხვა ადამიანის გამხარებელი. “მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი, სხვა ადამიანის გამხარებელი. პავლე მოციქული ამბობს: ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ერთად აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი. აი, ეს არის ჩვენი მთავარი მისია. ამ წლების განმავლობაში და ჯერ კიდევ ბავშვობაში მე მუდამ მქონდა სურვილი, რომ სიხარული მომეტანა სხვებისთვის – მშობლებისთვის, და-ძმებისთვის, ნათესავებისთვის, ნაცნობებისთვის და ღვთის წყალობით, მე ამას ვაკეთებდი”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა მრევლს ილიაობის დღესასწაული მიულოცა.