გრიგოლეთში მომხდარი ავარიისას დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა
გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები, რომლებიც ქუთაისში კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა. მინისტრი ოთხი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
“ქუთაისში ოთხი პაციენტია გადმოყვანილი. ისინი ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებენ. მკურნალობას გადის ასევე სასწრაფო დახმარების ექთანი. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მძღოლს, მას ალბათ დღის განმავლობაში გაწერენ. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზის ცოდნა აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ასეთი უბედურება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
გრიგოლეთში, ავტოსაგზაო შემთვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის ორი ბავშვია.
ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შეჯახების შედეგად “მერსედესის” მარკის ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც მასში მჯდომი ექვსივე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსის მგზავრებს, ისინი გადარჩნენ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით ფოთის საავადმყოფოში გადაჰყავთათ, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის პიკაპის ტიპის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და დაშავებული ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები და სამი პოლიციელი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.