კოჯრის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ კოჯრის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
დაგეგმილია სამადლოს გზის კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალურად შეკეთება. კოჯრის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი (მოფრეზვა) და მომზადება ასფალტის ახალი საფარის დასაგებად. სამუშაოები კოჯრის გზაზე რამდენიმე მონაკვეთზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც ფრაგმენტული, ასევე ორმოული შეკეთებით. ასფალტის საფარის განახლება მიმდინარეობს წყნეთის მიმართულებითაც. კაპიტალურად შეკეთდება, როგორც გზის ცენტრალური მონაკვეთი, ასევე შიდა ქუჩებიც.
„დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მოვიძიეთ, ბაგები-წყნეთის, ასევე კოჯრის მონაკვეთის აღდგენა დავიწყეთ. ეს მონაკვეთები ძლიერ დაზიანებულია და, იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულის განმავლობაში აქ ძალიან ბევრი მანქანა მოძრაობს და ბევრი დამსვენებელია, სამუშაოებს შესაძლო მოკლე ვადაში დავასრულებთ და გზას აღვადგენთ, რათა გადაადგილება თავისუფალი იყოს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, სამადლოს მონაკვეთზე დაახლოებით კილომეტრიანი მონაკვეთი გაკეთდება კაპიტალურად, ასევე კოჯრიდან გამოსასვლელი მონაკვეთი. მთლიანად გარემონტდება პერიმეტრი ფრაგმენტული და ორმოული შეკეთებებით. ასევე დაწყებულია სამუშაოები წყნეთის მიმართულებითაც. ,,წყნეთში გავაკეთებთ ბევრ ქუჩას, მათ შორის, კაპიტალურად შევაკეთებთ წყნეთის ცენტრალურ მონაკვეთს და ბაგებიდან წყნეთამდე მონაკვეთს. საერთო ჯამში, ქალაქის მასშტაბით, მოწესრიგდება ძალიან ბევრი ქუჩა, რომელიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას და გადაადგილებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
საგზაო სამუშაოებს კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს. თბილისი-კოჯრისა და წყნეთის მიმართულებით გზების რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან სულ 3 მლნ ლარი დაიხარჯება. დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის ფარგლებში დაიწყო 18 მლნ-იანი პროექტი, რომელიც ქალაქის მასშტაბით 50-მდე ქუჩის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები