„პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მე უფრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ვხედავ“

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ათონელის რეზიდენციაში უნდა განთავსდეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი.
მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ თითქოს, პოლიტიკური მიზეზების გამო იქნა მთავრობის მხრიდან მოლაპარაკება ჩაშლილი. ცქიტიშვილის თქმით, მასსა და უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის ოფიციალურ მიმოწერაში, პოლიტიკური გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან უფრო ჩანს.
„ახალი გადაწყვეტილება არაა მიღებული. უბრალოდ, ჩვენ გვქონდა სამწუხარო მიმოწერა ქალბატონ ირინასთან. ახალ წერილში, რომელიც მისგან მივიღეთ, მას მოჰყავს არგუმენტები, თუ რატომ ვერ გადავა უშიშროების საბჭო ათონელზე. ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ, იმიტომ, რომ რასაც ქალბატონი ირინა ასაბუთებს და აცხადებს, რომ ის შენობა საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება, რომელიც უშიშროების საბჭოს ფუნქციონირებისთვის არის საჭირო, ეს ასე არაა. თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ, ნახოთ რა პირობებში მუშაობდა უშიშროების აპარატი და ნახოთ რა პირობებია ათონელზე. ნატო-ს ყველა სტანდარტი დაცულია. სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ქალბატონი ირინას მხრიდან. ალბათ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი კანონმდებლობით, მთავრობა განკარგავს სახელმწიფო ქონებას. მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ათონელის რეზიდენციაში უნდა განთავსდეს უმაღლესი პირი. პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მოხდა თანხების გახარჯვა. თქვენ იცით, რომ 28 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა. მათი გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, როცა მათ გადაწყვიტეს და მისამართში ჩაწერეს აბდუშელიშვილის ქუჩა. ვერ გავიზიარებთ მათ არგუმენტებს, მითუმეტეს იმას, რომ თითქოს, პოლიტიკური მიზეზების გამო იქნა ჩვენი მხრიდან მოლაპარაკება ჩაშლილი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მე უფრო მათი მხრიდან ვხედავ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები