პრეზიდენტი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტის შესახებ გადაწყვეტილებას ორ დღეში მიიღებს

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან 22 ივლისს მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით განცხადება უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი.
როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნების მომზადებისა და კონსულტაციებისთვის 10 კალენდარული დღე განსაზღვრა.
“პრეზიდენტის დავალებით, დროდ 10 კალენდარული დღე განმესაზღვრა, რათა გვემუშავა მოტივირებულ შენიშვნებზე. დღეს ეს პროცესი შევაჯამე. დღეს, დღის განმავლობაში, მსოფლიო ბანკთან კონსულტაციების დასრულებისთანავე, ეს პროცესი მთავრდება. შესაბამისად, პრეზიდენტი გააკეთებს განცხადებას შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. 10 კალენდარული დღე 1 აგვისტოსთვის სრულდება. პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს 10 კალენდარული დღის ფარგლებში – ათი კალენდარული დღე შაბათს იწურება”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, ან მოტივირებული შენიშვნებით უკან უბრუნებს პარლამენტს.
“ნორმატიული აქტების შესახებ” კანონით კი, ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ ვადებში არ შედის კანონით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
ამასთან, როცა პრეზიდენტი პარლამენტს კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით იმ დროს უბრუნებს, როცა გამოცხადებულია საპარლამენტო არდადეგები, შეიძლება მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სესია. რიგგარეშე სესიას კი პრეზიდენტი პარლამენტის თხოვნის და მიმართვის საფუძველზე იწვევს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, რიგგარეშე სესიისთვის პრეზიდენტისთვის მიმართვა არ იგეგმება.
შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობა პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები