სახელმწიფო სტიქიის შედეგად უბინაოდ დარჩენილ 38 ოჯახს ბინისთვის შესაძენ თანხებს უახლოეს დღეებში გადასცემს

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს დღეებში სახელმწიფო მათ ბინების შესაძენად გამოყოფილ თანხებს გადასცემს.
როგორც საკრებულოს წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ეს ეხებათ ოჯახებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ საცხოვრებელი. რაც შეეხება დაზარალებულთა მეორე კატეგორიას მათ სახელმწიფო საცხოვრებელს აღუდგენს, ავეჯისა და ტექნიკისთვის გამოყოფილი თანხები კი განურჩევლად ყველა დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა.
„ 38 ოჯახია პირველი კატეგორიის დაზარალებული, მათ სრულად გაუნადგურდათ ქონება. ფაქტობრივად, ყველა მათგანთან მიღწეულია შეთანხმება, ხელშეკრულებები ყველასთან გაფორმებულია. შეთანმხება მიღწეულია თანხაზე. იყო 2 ვარიანტი, ერთი იყო სულადობრივად თანხის ანაზღაურება, მეორე იყო პირდაპირი შესყიდვის მეთოდი, სახელმწიფო ყიდულობდა მათგან ამ ქონებას. ამ 38 ოჯახში ორივე ვარიანტი არის. ამ 38 ოჯახის დასახმარებლად 6 მილიონზე მეტი თანხაა აკუმულირებული და უახლოეს დღეებში ამ სახლების გაცემა დაიწყება. მანამდე კი ისინი სახელმწიფოსგან ნაქირავებ ბინებში ან სასტუმროებში რჩებიან. ისინი საკვებით და ყველა პირველადი ნივთით უზრუნველყოფილი არიან. ეს ჯამში 111 ადამიანია. ისინი პარალელურად ეძებენ ბინებს და სახელმწიფოსგან გაცემული თანხით შეიძენენ მათ. თუ საჭირო გახდა და სურვილს გამოთქვამენ , ჩვენ შეგვიძლია ბინების შოვნაშიც დავეხმაროთ.
ამავდროულად, უახლოეს დღეებში დაიწყება მეორე კატეგორიის დახმარება. ეს დაახლოებით 50 ოჯახია სადაც საცხოვრებელი სახლების აღდგენა შეიძლება. პლუს ამას ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად, 5 აგვისტოდან 8-10, 500 ლარამდე კომპენსაციების გაცემა დაიწყება. ეს კომპენსაცია ეხება ყველა დაზარალებულს განურჩევლად მისი კატეგორიისა“,- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.
რაც შეეხება დაუზღვეველი მანქანების ანაზღაურების საკითხს, ბაბუნაშვილის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები