სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულებას დღეს დაამტკიცებენ
საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულებას დაამტკიცებენ.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა განუცხადა, ეს გამოიწვია იმან, რომ გაიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, კერძოდ, პოლიციურ და სპეცსამსახურების მიმართულებით.
“აქ ახალი არაფერია. იგივე ფუნქციები ექნება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო. პოლიციური დარჩება შსს-ში და სპეცსამსახური გადავა უსაფრთხოების ბლოკში. არ მოხდება დუბლირება და სპეცსამსახურს ექნება თავისი ფუნქციები, ხოლო შსს-ს – თავისი. თუ იქნება პოლიციური დანაშაული ჩადენილი, ისინი შეატყობინებენ პოლიციურ დანაყოფს. თუ უსაფრთხოების სამსახური შეესწრება დანაშაულს, ისინი პოლიციას არ დაელოდებიან, დააკავებენ და გადასცემენ პოლიციურ დანაყოფებს”, – აღნიშნა გომელაურმა.