„იმედის კვირის“ პროდიუსერი: ყველამ თავის გაკეთებულს მიხედოს რაა

გადაცემა “იმედის კვირის“ პროდიუსერი სოფო ნიკოლაიშვილი “იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც “ქალიშვილობის ინსტიტუტისა და მისი ტრაგიკული შედეგების“, კერძოდ, სამეგრელოში მომხდარი ფაქტის შესახებ იყო მომზადებული, განმარტებას აკეთებს.
ნიკოლაიშვილი კრიტიკოსების საპასუხოდ წერს, რომ გოგონა ინტერვიუზე თავისი ნებით დათანხმდა, თუმცა ეპილეფსიური შეტევის გამო მისი ჩაწერა ვერ მოხერხდა.
როგორც ნიკოლაიშვილი განმარტავს, შეტევის კადრებიც სწორედ იმიტომ გადაიღეს, რომ ის გოგონას მიერ გადატანილი შოკის შედეგი იყო.
“ხალხოოო!! გიხსნით, ვისაც სხვა საქმე არ გაქვთ, მათ: ეს გოგონა დაგვთანხმდა ინტერვიუზე, ორი შვილი დავიფიცო ახლა თუ დედა? დაგვთანხმდა ინტერვიუზე და სწორედ იმიტომ, რომ ამ მანიაკი ტიპისგან მიყენებული სტრესის შემდეგ ეპილეფსიური შეტევები დაეწყო, ინტერვიუს წინ დაემართა ერთ-ერთი ასეთი შეტევა, ამიტომ ვეღარ ჩავწერეთ და ეს შეტევაც იმიტომ გადავიღეთ, რომ გადატანილი შოკის შედეგი იყო!!! ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ეს სიუჟეტი იყო ყვითელი – ამ შემთხვევაში სიყვითლე რა შუაშია? ვერ დამიმტკიცებს, რომ ეთიკა და ასე შემდეგ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის მანკიერებები და პრობლემები საზოგადოების, რაც სიუჟეტმა ზოგადად მაყურებელს კიდევ ერთხელ დაანახვა, და საერთოდ, ამდენი მსჯელობა და გამოხმაურება რომ აქვს, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს თემა გადავწყვიტეთ, გავაკეთეთ ზუსტად ისე, როგორც უნდა გაგვეკეთებინა და შედეგიც დავდეთ!!! ყველამ თავის გაკეთებულს მიხედოს რაა!“ – წერს სოფო ნიკოლაიშვილი.
“იმედის კვირაში“ 26 ივლისს გასულმა სიუჟეტმა მედიაქსპერტების ნაწილის მხირდან კრიტიკა დაიმსახურა.
სიუჟეტს გამოეხმაურა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს აღმასრულებელ დირექტორი თამარ რუხაძე. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ “იმედის კვირის” გუშინდელ სიუჟეტზე ქარტიის საბჭოში შემოვა განცხადება. მანამდე კი, მე საბჭო არ ვარ და შემიძლია საკუთარი აზრი არა მხოლოდ მქონდეს, არამედ გამოვხატო კიდეც.
მართლა არ მეგონა, თუ ასეთი სიუჟეტი კიდევ გავიდოდა რომელიმე ქართული მაუწყებელის ეთერში, რომ ამას ასეთი ფორმით ვინმე დადგამდა, გადაიღებდა, დაამონტაჟებდა და მერე სერიოზული და აღშფოთებული სახით ეთერში გაუშვებდა. იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა და არ არის არგუმენტი, რომ ოჯახები თანახმანი იყვნენ. ძალადობის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ავტომატურად გარანტირებული უნდა ჰქონდეს კონფიდენციალობა (ამას ამბობს საერთაშორისო სტანდარტი ძირითად შემთხვევებში), გამონაკლისები უნდა იყოს ძალიან სერიოზული სარედაქციო მსჯელობის საგანი, ხოლო არგუმენტი არა მხოლოდ თანხმობა, არამედ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. თუმცა არც ერთი გამონაკლისი არ გაითვალისწინებს იმ ადამიანისთვის შეურაცხმყოფელ დეტალებსა და ფორმებს, როგორადაც ეს “იმედის” სიუჟეტში იყო წარმოდგენილი“, – წერს თამარ რუხაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები