გიორგი ალიბეგაშვილმა ცურვის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი, ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო.
წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ, ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან – ალექსი ახვლედიანთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად, ცურვის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
400 მეტრზე კომპლექსურ და 200 მეტრზე ცურვის სახეობა „დელფინში“ გოგონები, ხოლო 200 მეტრზე თავისუფალ ცურვაში ბიჭები დაჯილდოვდნენ.
გიორგი ალიბეგაშვილმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და პროფესიულ ასპარეზზე დასახული მიზნების განხორციელება უსურვა.
„უპირველეს ყოვლისა, სრულიად საქართველოს ვულოცავ ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარებას, რადგან შესაძლებლობა მოგვეცა საქართველო მსოფლიოს წინაშე წარმოგვეჩინა ღირშესანიშნავი ისტორიით, განუმეორებელი კულტურით, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მრავალფეროვნებით, რომლის დასტურია მითის – „არგონავტების“ თანამედროვეობაში გაცოცხლება და ის შთამბეჭდავი სანახაობა, რომლითაც წარსდგა ქვეყანა ახალგაზრდული ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნაზე. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები თბილისში მომავალშიც ჩატარდება. ახალგაზრდული ოლიმპიადის სლოგანია „ნაბიჯი მომავლისკენ“. ცურვაში გამარჯვებულ სპორტსმენთათვის დღევანდელი წარმატება სწორედ მომავლისკენ წინგადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა ჩართული: ძიუდო, ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, ველოსპორტი, ტანვარჯიში, ხელბურთი, კალათბურთი და მძლეოსნობა. შეჯიბრში 50 ქვეყნის 4000 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები