თბილისის ატმოსფერული ჰაერი, ძირითადად, მტვრით არის დაბინძურებული
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ ბაგრატიას განცხადებით, თბილისის ატმოსფერული ჰაერი, ძირითადად, მტვრით არის დაბინძურებული.
ამის შესახებ მან დღეს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ისაუბრა და დასძინა, რომ ჰაერში ისაზღვრება ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი, ოზონი და სხვა დამაბინძურებელი ინგრედიენტები.
ბაგრატიას მტკიცებით, 2015 წლის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, ანალიზების 81 პროცენტში მტვრის რაოდენობა ნორმას აღემატებოდა.
მისივე თქმით, მტვრის შემცველობა ჰაერში მაღალია ასევე ქუთაისსა და რუსთავშიც.
ბაგრატიას განცხადებით, მტვრის გარდა, თბილისის ჰაერში პერიოდულად აღინიშნება ნახშირჟანგის მომატებული კონცენტრაციებიც. აღნიშნული ანალიზების 14 პროცენტში დაფიქსირდა.
საუბრისას ბაგრატიამ დასძინა, რომ მათ იაპონიის მთავრობა ეხმარება და მომავალ წელს თბილისში ჰაერის დაბინძურებაზე მონიტორინგის განსახორციელებლად ოთხი ავტომატური თანამედროვე სადგური ექნებათ, რითაც თბილისის ჰაერის მონიტორინგი უკეთესად განხორციელდება.