იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა – თამარ რუხაძე „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება

იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა – ასე ეხმაურება „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს აღმასრულებელ დირექტორი თამარ რუხაძე გადაცემა “იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც “ქალიშვილობის ინსტიტუტისა და მის ტრაგიკული შედეგების“, კერძოდ, სამეგრელოში მომხდარი ფაქტის შესახებ იყო მომზადებული.

როგორც რუხაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ძალადობის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ავტომატურად გარანტირებული უნდა ჰქონდეს კონფიდენციალობა.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ “იმედის კვირის” გუშინდელ სიუჟეტზე ქარტიის საბჭოში შემოვა განცხადება. მანამდე კი, მე საბჭო არ ვარ და შემიძლია საკუთარი აზრი არა მხოლოდ მქონდეს, არამედ გამოვხატო კიდეც.

მართლა არ მეგონა, თუ ასეთი სიუჟეტი კიდევ გავიდოდა რომელიმე ქართული მაუწყებელის ეთერში, რომ ამას ასეთი ფორმით ვინმე დადგამდა, გადაიღებდა, დაამონტაჟებდა და მერე სერიოზული და აღშფოთებული სახით ეთერში გაუშვებდა.

იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა და არ არის არგუმენტი, რომ ოჯახები თანახმანი იყვნენ. ძალადობის, განსაკუთრებით კი სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ავტომატურად გარანტირებული უნდა ჰქონდეს კონფიდენციალობა (ამას ამბობს საერთაშორისო სტანდარტი ძირითად შემთხვევებში), გამონაკლისები უნდა იყოს ძალიან სერიოზული სარედაქციო მსჯელობის საგანი, ხოლო არგუმენტი არა მხოლოდ თანხმობა, არამედ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. თუმცა არც ერთი გამონაკლისი არ გაითვალისწინებს იმ ადამიანისთვის შეურაცხმყოფელ დეტალებსა და ფორმებს, როგორადაც ეს “იმედის” სიუჟეტში იყო წარმოდგენილი“, – წერს თამარ რუხაძე.

ქორწინების პირველი ღამე, რომელიც ოჯახებს შორის დიდი დაპირისპირებით დასრულდა – აღნიშნულ თემაზე გადაცემა “იმედის კვირაში“ სიუჟეტი გუშინ გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები