ოლიმპიადის სამზადისში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პატრიკ ჰიკმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა
ოლიმპიადის სამზადისში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა მადლობა გადაუხადა.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი უშუალო ჩართულობის გარეშე დღეს ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. სამი დღეა, საქართველოში ვიმყოფები და დავათვალიერე ოლიმპიური ფესტივალისთვის განკუთვნილი თითქმის ყველა ობიექტი, მათ შორის ოლიმპიური სოფელი. მინდა გითხრათ, რომ ნანახით გაოცებული ვარ. თქვენ მართლაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულეთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა.
პატრიკ ჰიკმა ირაკლი ღარიბაშვილი ფესტივალის სამზადისში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა. ჯილდოები ასევე გადაეცათ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს, ემზარ ზენაიშვილს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს, „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ალექსი ახვლედიანს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, თბილისის მერ დავით ნარმანიას. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური დელეგაციის წევრებს ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.