თბილისში დღეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნება
თბილისში დღეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. როგორც “კვირას“ ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს , “თბილისი 2015-ის” გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს, 20:15-ზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
“გახსნის ცერემონიალი მოიცავს ოფიციალურ და შოუს ნაწილს. ოფიციალურ ნაწილში სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და “თბილისი 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი გამოვლენ. სტადიონზე მოსული მაყურებელი იხილავს მასშტაბურ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას 1500 ადამიანი მიიღებს”, – აცხადებენ საორგანიზაციო კომიტეტში.
ამასთან, მიმართავენ მოსახლეობას, გაითვალისწინონ, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე მოხვედრა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. მათივე ინფორმაციით, 27 ივლისიდან – 1 აგვისტოს ჩათვლით შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 50 ქვეყნის სპორტსმენები მიიღებს. მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალია.