მოწმე: კორტების სპეცოპერაციის დროს ცეცხლის გახსნის ბრძანება ირაკლი ფირცხალავამ გასცა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე საქალაქო სასამართლოში რიგითი სპეცრაზმელის იასონ მილაძის დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა მილაძემ განაცხადა, თბილისის სპეცრაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი და კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა ცრუ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერით ემუქრებოდნენ.

როგორც მოწმემ აღნიშნა, მას უნდა თქვა, რომ პოლიცია არაფერ შუაში იყო და ირაკლი ფირცხალავას ცეცხლის გახსნის ბრძანება არ მიუცია.

თუმცა დაკითხვისას მოწმე მილაძემ განაცხადა, რომ 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაცია პირველ მაისს დაიგეგმა და კორტების სპეცოპერაციის დროს ცეცხლის გახსნის ბრძანება ირაკლი ფირცხალავამ გასცა. პირველი გასროლა კი თბილისის სპეცრაზმის უფროსმა კახაბერმა ნაკანმა განახორციელა. იასონ მილაძემ ასევე აღნიშნა, რომ ავტომობილში, სადაც ვაზაგაშვილი იჯდა, სროლის ხმა არ გაუგია.

ცნობისთვის: იასონ მილაძე სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში არის ბრალდებული. მასთან ერთად ბრალდებულები არიან რიგითი სპეცრაზმელები, რომლებმაც დახურულ სასამართლო სხდომაზე რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების მამხილებელი ჩვენება მისცეს. იასონ მილაძეს, როგორც სხვა რიგით სპეცრაზმელებს, განზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები