მებაჟეებმა ძვირფასი ნივთების დეკლარირების გარეშე შემოტანის მცდელობა გამოავლინეს
საბაჟო – გამშვები პუნქტის „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში, მებაჟე ოფიცრებმა 7266,42 ლარის ღირებულების ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ნივთების დეკლარირების გარეშე შემოტანის მცდელობა გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.გ.-ის კუთვნილ ავტომანქანაში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, 8 ცალი ოქროს ბეჭედი, 9 წყვილი ოქროს საყურე, ოქროს ყელსაბამი, 37,01 გრამი ოქროს და 135,62 გრამი ვერცხლის ჯართი აღმოაჩინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7266,42 ლარის ოდენობით.