ზურაბ ჟვანიას ექიმი: გამოკვლევა გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე გაიარა და მას ჯანმრთელობის პრობლემა არ აღმოაჩნდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები ყოფილი პრემიერის პირადი ექიმი და დაცვის თანამშრომელი დაჰკითხეს.
როგორც ექიმმა ზურა ფაღავამ განაცხადა, ყოფილმა პრემიერმა გამოკვლევა გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე გაიარა და მას ჯანმრთელობის პრობლემა არ აღმოაჩნდა.
“დიდი ხნის განმავლობაში სიკვდილის მიზეზი არ ვიცოდი. როცა ექიმი გასინჯავს პაციენტს და ის 3 დღეში კვდება, ადვილი გადასატანი არ არის. ყოველთვის ფიქრობს ექიმი, ხომ არ გამორჩა რამე,” – განაცხადა სხდომაზე ზურა ფაღავამ.
ჩვენება ბრალდების კიდევ ერთმა მოწმემ მისცა. დაცვის ყოფილმა წევრმა 2006 წლის 2 თებერვლის ღამე გაიხსენა.
“დღეს პირადი ექიმი დაიკითხა, რომელიც ამბობს, რომ ჟვანიას არ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა. ასევე დაიკითხა დაცვის წევრი. დასაცავი პირის ზურაბ ჟვანიას მარტო დატოვება გამორიცხულია,” – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმის განხილვა ბრალდების მოწმეების დაკითხვით 28 ივლისს გაგრძელდება.