„ელექტროენერგიის გაძვირება ფასების ზრდას გამოიწვევს იმ მცირედზეც კი, რაც ქვეყანაში იწარმოება “

„ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რომელსაც უკვე ხელისუფლება ერთ წელზე მეტია ამზადებს“, – ასე შეაფასა ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ. როგორც გიორხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ტარიფების ზრდა, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესს დაარტყამს, გაიზრდება წარმოების ფასები, რის შემდეგაც მოსახლეობას პროდუქცია გაუძვირდება.
„ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რომელსაც უკვე ხელისუფლება ერთ წელზე მეტია ამზადებს. საბოლოო ჯამში, ხელისუფლება 2-3 ენერგეტიკული ლობისტური ჯგუფის გავლენას დაჰყვა, რომელიც ასევ 2-3 ჯგუფს ემსახურება და არა ეკონომიკის განვითარებას. ტარიფების ზრდის შესახებ გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესს დაარტყამს. ის სერიოზული წნეხი იქნება დიდი ბიზნესებისთვის. მიზანი, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, აუხსნელი რჩება. ამით ერთადერთი „ენერგო პრო“ და მისი მსგავსი 2-3 ორგანიზაცია ისარგებლებს. გადაწყვეტილება ტარიფების ზრდის შესახებ კიდევ უფრო შეამცირებს ეკონომიკას, რომელიც შეიძლება მხოლოდ 2%-ით გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან რთული მდგომარეობა გვექნება მომავალ წელსაც. ეს ქმედება იმ მცირედზეც კი, რაც ქვეყანაში იწარმოება, ფასების ზრდას გამოიწვევს. ეს ზრდა ჩვენი ძალიან დაბალი მსყიდველობითი უნარის მქონე მოსახლეობაზე მტკივნეულად აისახება“, – აღნიშნა გიორხელიძემ.
რაც შეეხება ლარის კურსს, ექსპერტის განცხადებით, მისი სტაბილურობის არანაირი პირობა ჯერ შექმნილი არ არის. გიორხელიძე ვარაუდობს, რომ სექტემბერ-ოქტომბრიდანვე ლარის კურსის მიმართ რხევები გაძლიერდება.
„ ყველა ფუნდამენტური პირობა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ნეგატიურია. ყველა ის მიზეზი, რაც ლარის კურსის ვარდნას ედო საფუძვლად, ჯერჯერობით გასწორებული არ არის და უახლოეს თვეებში არ ჩანს, რომ ან ქვეყნის შიგნით, ან გარეთ რაიმე გაუმჯობესდება. პირიქით, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე, რომ ზაფხულის შემდეგ, სექტემბერ-ოქტომბრიდანვე ლარის კურსის მიმართ რხევები გაძლიერდება. ქვეყანაში ძირითადი საკვები პროდუქტიც კი ქვეყნის გარედან შემოდის. ბუნებრივია, ლარზე ზეწოლა არ მოიხსნება, რადგან სავალუტო მყარი შემოდინებები ჯერჯერობით ქვეყანაში არ გაჩენილა“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები