საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ორი მოწმე დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის განხილვა იწყება. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაჰკითხავენ.
როგორც პროკურორმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ორი მოწმე – ზურაბ ჟვანიას დაცვის თანამშრომელი და ყოფილი პრემიერის პირადი ექიმი დაიკითხებიან.
„წარმოვადგინეთ ორი მოწმე. ერთი გახლავთ ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის თანამშრომელი და მეორე – პირადი ექიმი. ერთი-ერთი მოწმე დაადასტურებს, თუ რა სავალდებულო წესებია დასაცავი პრემიერ-მინისტრის გადადგილების და დაცვის დროს. მეორე მოწმე კი დაადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ გააჩნდა“,- განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან ჟვანიას დაცვის წევრები, კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია. მათ ბრალი ედებათ სამსახურებრივ გულგრილობაში, რამაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება გამოიწვია. საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.