პროკურატურამ ხუთ დაზარალებულს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა

პროკურატურამ ხუთ დაზარალებულს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა.
როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, დღეს დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდათ უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები, რომლებიც მათ საკუთრებაში გადაეცათ.
პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით და მთავრობის განკარგულებით, დაზარალებულ გივი თოდაძეს გადაეცა „რენჯ როვერის“ და „კრაისლერის“ მარკის ავტომობილები; დაზარალებულ გიორგი რეხვიაშვილს გადაეცა “მერსედეს-ბენც ML 350” და “ჰიუნდაი სონატას” მარკის ა/მანქანები, ხოლო შმაგი რატიანს და პარსამ ზალინიანს გადაეცათ „ფოლკსვაგენ პასატი“ ფირმის ორი ა/მანქანა. ხსენებული ა/მანაქანები, 2010-2011 წლებში, ცალკეული საჯარო მოხელეების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, იძულებით იქნა მათ მიერ შესყიდული.
გარდა ამისა, დაზარალებულ ივანე მახარაშვილს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, გადაეცემა სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც დაზარალებულს უკანონოდ დაათმობინეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ.
“პროცესი, რომელიც საქართველოს პროკურატურაში ახლად შექმნილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება 2012 წლის 01 ოქტომბრამდე, საჯარო მოხეელების მიერ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის, დათმობის, ჩუქების ფაქტების გამოძიებას და დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით, ქონების დაბრუნებით მათი უფლებების აღდგენას, კვლავ გაგრძელდება და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი“,-აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები