„უგულავას და კეზერაშვილის დაცვის მხარემ სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა ვერ წარმოადგინა”
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესზე ე.წ. რიყისა და “თბილსერვის ჯგუფის“ ეპიზოდები განიხილებოდა.
როგორც პროკურორმა გიგა ძნელაძემ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს უნდა წარმოედგინა დასკვნითი სიტყვა, რაც არ მომხდარა.
“ადვოკატების განმარტებით, სხვა სასამართლო პროცესებზე მონაწილეობის გამო, უთითებენ ნაფიც მსაჯულთა მიერ განსახილველ კ.ხარშილაძისა და მ.ძაძამიას სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც, ბექა ბასილაიას გარდა, დაცვის მხარე წარმოდგენილია სხვა კიდევ ორი ადვოკატით, ვერ შეძლეს დასკვნითი სიტყვის წარმოდგენა და ითხოვეს პროცესის გადადება. სასამართლომ აღნიშნული ქმედება შეაფასა, როგორც სასამართლოს უპატივცემულობა, რადგან 29 ივნისის შემდგომ, ანუ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდგომ, დაცვის მხარეს ჰქონდა საკმაო დრო დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად და კიდევ ერთხელ განუსაზღვრა გონივრული ვადა. პროცესი განახლდება 2015 წლის 27 ივლისს, 13:00 საათზე. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დავით კეზერაშვილის ადვოკატმა – შოთა მინდელმა ვერ მიუთითა რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე, რითაც ახსნიდა დასკვნითი სიტყვისთვის მოუმზადებლობას, ამასთანავე, პროცესზე განაცხადა, რომ მისი კოლეგა ადვოკატი ბექა ბასილაია ამზადებდა დაკვნით სიტყვას და ამიტომ მას არ აქვს მომზადებული თავისი დასკვნითი სიტყვა”, – განაცხადა პროკურორმა.