პროკურორი: გვქონდა საფუძველი იმისა, რომ მამულაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება მოგვეთხოვა

ბრალდების მხარეს ჰქონდა საფუძველი იმისა, რომ კახა მამულაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება მოეთხოვა, – ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქმის მასალებზე დაყრდნობით, არსებობდა გარკვეული რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი იყო, ბრალდებული მიმალვოდა გამოძიებას და სასამართლოს.
„გვქონდა საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა მოგვეთხოვა. ამის საფუძველი თვითონ საქმის მასალებიდან ჩანდა. შესაბამისად, სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა გაიზიარა. საქმის მასალებზე დაყრდნობით, არსებობდა გარკვეული რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი იყო, ბრალდებული მიმალვოდა გამოძიებას და სასამართლოს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევდა ის გარემოება, რომ მას თავისუფლად შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გადაადგილება“, – განაცხადა პროკურორმა. მისვე თქმით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და დასადგენია, ხომ არ არის სხვა პირთა კავშირი ამ საქმეში.
პროკურორმა კახა მამულაშვილის პოზიციაზეც გააკეთა შეფასება. „მან თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა შეძენილი. ამასთან ერთად, დასადგენია პიროვნებები, ვისთან მოხდა შეძენა, რა ვითარებაში. რაც შეეხება შემდგომში ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან ბრალდებული, ამაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვით იმის გამო, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, შემდგომში დუმილის უფლება გამოიყენოს“, – განაცხადა პროკურორმა.
დაცვის მხარე კი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. კახა მამულაშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კახა მამულაშვილი ბრალს სრულად აღიარებს. დაცვის მხარე 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 სექტემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა 18 ივლისს დააკავა. დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. ექსტაზი 0,2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები