მოსამართლემ კახა მამულაშვილს პატიმრობა შეუფარდა
ცნობილ პროდიუსერს კახა მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ადვოკატი მამულაშვილისთვის აღკვეთის სახით 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. “ექსტაზი” 0,2048 გრ. მას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.