გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლის ანთების საზეიმო ცერემონიალს დაესწრო
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი, მოადგილეებთან – მალხაზ მჭედლიშვილთან, გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან – ქეთევან ჯოხაძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, თავისუფლების მოედანზე საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ცეცხლის ანთების საზეიმო ცერემონიალს დაესწრო.
გიორგი ალიბეგაშვილმა მოედანზე შეკრებილ თანამოქალაქეებს ეს დღე მიულოცა და საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ოლიმპიურმა ცეცხლმა საქართველო შემოიარა და დღეს ჩვენი დედაქალაქის გულში, თავისუფლების მოედანზეა ანთებული. ვულოცავ ყველას ამ დღესასწაულს. წილად მხვდა პატივი ვყოფილიყავი ათენში, სადაც გრანდიოზულობითა და ტრადიციების დაცვით გადმოეცა ქართულ დელეგაციას ოლიმპიური ცეცხლი. ბედნიერი ვიყავი მაშინაც და ახლაც, რადგან ეს დიდი სიმბოლო ოლიმპიური ფესტივალისა და მშვიდობისა, ამჯერად თბილისშია“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საზეიმო ღონისძიებაზე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამზადისი კულმინაციას უახლოვდება.
„ჩვენ ყველა ერთად, საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ცეცხლის ანთების მომსწრენი ვართ. ეს დიდი დღესასწაულია, ყველას ვულოცავ ამ დღეს. სულ მალე კი, 26 ივლისს, კიდევ უფრო ლამაზი და გრანდიოზული სანახაობა გველის“, – განაცხადა ქეთევან ჯოხაძემ.
ევროპის მოედნიდან წამოსული ოლიმპიური ესტაფეტა თავისუფლების მოედანზე დასრულდა. ბოლო მეჩირაღდნემ – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ოლიმპიური ცეცხლი სცენაზე აიტანა და ჩირაღდანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა, რომელმაც ცეცხლი დიდ თასში დაანთო.
საზეიმო ღონისძიებებისა და გალა კონცეტრის შემდეგ, ცეცხლი სპეციალურ სანათში მოთავსდა და საკრებულოს შენობის წინ განთავსდა.
პრემიერ-მინისტრი საზეიმო ღონისძიებას მთავრობის წევრებთან და ქალაქის მერთან ერთად დაესწრო.
26 ივლისს კიდევ ერთი ესტაფეტა გაიმართება. ოლიმპიურ ცეცხლს თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიტანენ, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის გახსნის ცერემონია გაიმართება.
52 დღის განმავლობაში ოლიმპიურმა ცეცხლმა, საქართველოს მასშტაბით, 67 მუნიციპალიტეტის ქალაქი და დასახლებულ პუნქტი მოიარა. ესტაფეტაში 700-მდე მეჩირაღდნემ მიიღო მონაწილეობა.