სოფო ჯაფარიძე ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა
პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე, ადრეული ქორწინების თემაზე ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოსთან შექმნილ საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საკონსულტაციო ჯგუფი 15 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო, ერთი მხრივ, ადრეული ქორწინების პრევენციის და ასეთ შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების შესახებ ღია დისკუსია და მეორე მხრივ, იდენტიფიცირებული პრობლემების დაძლევის მიზნით შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვა.
დისკუსია სხვა საკითხებთან ერთად მიეძღვნა პრაქტიკაში, განსაკუთრებით ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცესში არსებულ გამოწვევებს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ადრეული ქორწინების თემაზე, რომელიც შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებს შესაბამისი უწყებების მიმართ ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით ახლო მომავალში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამოითქვა მაქსიმალური მზაობა აღნიშნული საქმიანობების განხორციელებაში ჩართულობის.