სპექტაკლი სექტად ქცეული სისტემის წინააღმდეგ – ფოთში რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება – ვიდეო
სისტემა კანონიერების პროდუქტია, მხოლოდ სექტად არ უნდა იქცეს… სექტად ქცეულ სისტემას კი გაქცევით ვერ შეცვლი… სისტემაში უნდა დარჩე და იბრძოლო მის შესაცვლელად თუნდაც შეეწირო მას და გაქცევა დარჩენითაც შესაძლებელია. ასე, ვფიქრობ… როგორ მოიპოვებ თავისუფლებას გაქცევით, დარჩენით, თუ?!…
ამ პრობლემებით წარდგა მაყურებლის წინაშე სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, რომელმაც ფოთში რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე რეჟისორ ირაკლი ადამიას სპექტაკლი „ათვინიერებენ მიმინოს“ წარმოადგინა. სპექტაკლი ლაშა თაბუკაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დაიდგა. სპექტაკლის მხატვარი ემილ გეგენავაა, ქორეოგრაფი მამუკა მესხიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: თენგიზ თოფურიძე, ზურაბ ზურაბაშვილი, ინგა ცირამუა, თამარ აბშილავა, რამაზ ლოლუა, ელგუჯა ნოდარიძე, ტარიელ ზურაბაშვილი, ლალი გაბელია, ლევან ესებუა, ვეფხვია გორგოძე, გოჩა დანელია, ზვიად ზურაბაშვილი, ზაალ ალანია და ჯამბულ ჭანტურია.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა დ ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.
დღეს, 20:00 საათზე კი მაყურებელი ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლს „ჯაყოს“ ნახავს, რომელიც რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა.