საქართველოს საგარეო უწყებამ ტოკიოში სუამის ეროვნული კოორდინატორების ვიზიტი გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამისა და იაპონიის თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, ტოკიოში, სუამის ეროვნული კოორდინატორების ვიზიტი გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი იაპონური მხარის მოწვევით შედგა.
ამავე ინფორმაციით, 16 ივლისს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სუამ-იაპონიის ფორმატის მე-6 შეხვედრა და საპარლამენტო მინისტრის მოადგილესთან კენტარო სონოურასთან შეხვედრა გაიმართა.
სუამ-იაპონიის ფორმატის შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს და ამ თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, მოსაზრებები გაცვალეს.
ასევე, საუბარი ისეთ სფეროებსაც შეეხო, თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი არსებობს, მათ შორის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წყლის რესურსების მართვის სფეროებში.
ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სუამ-იაპონიის თანამშრომლობის ფორმატის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, მხარეებს შორის მდგრადი პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება წარმოადგენს.
სუამ-ის ეროვნულმა კოორდინატორებმა და იაპონურმა მხარემ აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის „სუამ-იაპონიის თანამშრომლობის პროგრამის“ პროექტი შეათანხმეს.
დოკუმენტის მიღება, სუამ-იაპონიის მაღალი დონის მორიგი შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა. შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება მიიღეს.
17 ივლისს, იაპონურმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „The Global Forum of Japan”-მა რიგით მეორე კონფერენციას „The Second Dialogue of GUAM-Japan”-ს უმასპინძლა.
ღონისძიებაში, სუამ-ის ეროვნული კოორდინატორებისა და იაპონიის მთავრობის გარდა, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიიღეს.
კონფერენცია იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა მინორუ კიუჩიმ გახსნა და მონაწილეებს მიმართა.
იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუმიო კიშიდამ კი, მონაწილეებს წერილობით მიმართეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სუამ-ის ეროვნული კოორდინატორი სიტყვით წარდგა კონფერენციის პანელზე: “promoting shared values for peace and prosperity”.
დავით ჯალაღანიამ, ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში , იაპონიის საგარეო საქმეთა, საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან კენტარო სონოურასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
რეგიონული თანამშრომლობის გარდა, შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.