ზვიად გამსახურდიას შვილები ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ – გახდება თუ არა საჭირო ცხედრის ექსჰუმაცია

მთავარი პროკურატურა საქართველოს ექსპრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ხელახალ გამოძიებას იწყებს – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, იგი ძმასთან – გიორგი გამსახურდიასთან ერთად მთავარი პროკურორის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს და საგამოძიებო ნაწილის უფროსს მამუკა ვასაძეს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმე იყო, რომელსაც დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა თან ახლავს.

კონსტანტინე გამსახურდია არ გამორიცხავს, რომ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიებამ ფინეთში მყოფი ბესარიონ გუგუშვილი დაჰკითხოს, რომელსაც მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. გამსახურდიები გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავენ და აცხადებენ, რომ თუ გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს, ოჯახის წევრები ზვიად გამსახურდიას ექსჰუმაციას დასთანხმდებიან.

„მეგობრებო, დღეს მე და გიორგი გამსახურდია შევხვდით საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ბატონ ირაკლი შოთაძეს და საგამოძიებო ნაწილის უფროსს, ბატონ მამუკა ვასაძეს. ცოტნე ჩვენზე ადრე იმყოფებოდა მთავარ პროკურატურაში. შეხვედრის თემა იყო ზვიად გამსახურდიას იდუმალებით მოცული გარდაცვალება, რომელიც, მიუხედავად ფორმალურად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმისა, ჯერაც პასუხგაუცემელია, რაც შეეხება კონკრეტულ ნარატივს. თუმცა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეჭვქვეშ არ დგას, რომ ეს მკვლელობა იყო და არა სუიციდი.

ამ შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შექმნილია ახალი საგამოძიებო ჯგუფი მას შემდეგ, რაც რეზო ზარანდია აღარ არის პასუხისმგებელი ამ საქმეზე. ისევე როგორც თავის დროზე ჩვენმა კომისიამ, მათაც აღნიშნეს, რომ 1994 წლიდან ჩატარებული გამოძიება სრულიად არადამაკმაყოფილებელია. უკვე განხორციელებულია პირველი ექსპერტიზები ამოღებულ ნივთებზე, ასევე დათვალიერებულია ლუდმილა და კარლო ღურწკაიების სახლი სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც ასევე ჩატარებულია კრიმინალისტიკური მოკვლევა. დადგენილია მოწმეების სია, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიკითხონ, მომზადებულია იურიდიული საფუძვლები ბესარიონ გუგუშვილის დასაკითხად ფინეთში, რაც უნდა განხორციელდეს იმ სამართლებრივი პრაქტიკიდან, რამაც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის უმტკივნეულოდ დაარეგულიროს ეს საკითხი. ასევე განიხილება, თუკი ეს საჭირო გახდება, ცხედრის ხელახალი ექსგუმაციის საკითხიც.

პროკურატურის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქმე ფაქტობრივად დაშლილი დახვდათ. მასში ჩაკერებულია, მაგალითად, მოკვლევა აფხაზეთის ომის დაწყების თემაზე, ასევე მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტების საკითხი თბილისში 1992 წელს. ჩვენ მიერ 2011 წლის თებერვალში გაგზავნილი მასალებიდან მხოლოდ ერთი ნაწილია თავის ადგილზე. თუ რატომ მოხდა ასე, პროკურატურის წარმომადგენლებს ამაზე პასუხი ჯერ არა აქვთ. . ვისაუბრეთ რამდენიმე ადამიანზეც, ვისაც მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ინფორმაციები უნდაჰ ქონდეთ ჯიხაშკარი-ხიბულა-ჯაღრას ტრაგედიაზე. გასაგებ მიზეზთა გამო ჩვენი კომისიის მხრიდან კონტაქტი ამ ადამიანებთან ვერ მოხერხდა 2010-2011 წლებში. ასევე შევთანხმდით თანამშრომლობის ფორმაზეც. შეხვედრა იმედისმომცემი იყო. როგორც მამუკა ვასაძემ აღნიშნა, დიდია პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, ამდენად ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხი, თუ რა ვითარებაში დაიღუპა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. მინდა მჯეროდეს, რომ სიტყვებს კონკრეტული საქმეები მოყვება და ბოლოსდაბოლოს ნათელი მოეფინება ამ საქმეს“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები