“აზერბაიჯანთან შეიძლება იმეგობრო და იყო პარტნიორი”

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან დიქტატის ენით საუბარი არ შეიძლება.

“აზერბაიჯანთან შეიძლება იმეგობრო და იყო პარტნიორი” – აზერბაიჯაბული მედიის ინფორმაციით ამ გზავნილის ადრესატი დასავლეთი იყო, რომელთანაც ურთიერთობა აზერბაიჯანს ბოლო პერიოდში ისე არ ეწყობა, როგორც ეს ბაქოს სურს

“სულიერი კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი გახდა უკვე რელობა ევროპაში, რაც რა თქმა უნდა ჩვენ დაფიქრებას გვაიძულებს და ჩვენს მომავალ საქმიანობაში ამ ფაქტორებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. რა დონეზე უნდა მოახდინოს ქვეყანამ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია? ინტეგრაცია უნდა მოხდეს თუ არა? თუ ჩვენ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ თანამშრომლობის ფორმატს? მე პირადად უკვე არც თუ ისე დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და ვთვლი, რომ ამ თვეში აუცილებელია მომზადდეს მექანიზმი, ფორმატი და თანამშრომლობის კონცეფცია”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ამასთან ილჰამ ალიევმა სახელმწიფო მოხელეებს, დეპუტატებსა და საზოგადო მოღვაწეებს მოუწოდა, შეწყვიტონ განცხადებების კეთება იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის ევროპაში ინტეგრაცია უნდა მოხდეს.

“დაფიქრდით როცა თქვენ საუბრობთ ამაზე. პირველ რიგში თქვენ უნდა იცოდეთ პრეზიდენტის პოზიცია. მეორე რიგში, გჭირდებათ თუ არა ეს ინტეგრაცია? რა რანგში უნდათ აზერბაიჯანის მიღება იქ? როგორც მეორეხარისხოვანი წევრის, ასოცირებული წევრის თუ როგორც გვერდიდან მომაგრებული ქვეყნის. ასეთი ფორმატი ჩვენ არ გვინდა. იქ სადაც საჭირო იყო, ჩვენ ინტეგრაცია მოვახდინეთ. გავაკეთეთ ეს იმ წლებში, როცა სიტუაცია ევროპაში სხვაგვარი იყო. ვთვლი, რომ თუკი დღეს, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ჩვენ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევდა, შესაძლოა არც შევსულიყავით ევროპის საბჭოში. რამდენჯერ შეიძლება აზერბაიჯანის შეურაცხყოფა? როდემდე შეიძლება გამოყენებული იყოს მცდელობები, რათა ჩვენ დაგვამცირონ? ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. ჩვენ მშვენივრად ვიცხოვრებთ ევროპის საბჭოს გარეშე”, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით პრეზიდენტ ალიევის ბოლო ფრაზები იმ დასავლელი პოლიტიკოსებისა და პარლამენტარების მისამართით იყო ნათქვამი, რომლებმაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. კერძოდ ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცისა და მისი მოადგილის ულრიკ ლუნაჩეკის მისამართით.

ადგილობრივი ანალიტიკოსების აზრით კი სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ მიახვედრა მსოფლიო, რომ ბაქოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა აზერბაიჯანის ნაციონალურ ინტერესებზეა აგებული და თუკი საჭირო გახდება, აზერბაიჯანი როგორც თანაბარუფლებიანი პარტნიორი სხვა გაერთიანებებშიც შევა.

“ეს რეზოლუციები ჩვენთვის ფარატინა ქაღალდია. აზერბაიჯანთან დიქტატის ენით საუბარი არ შეიძლება, აზერბაიჯანთან შეიძლება მეგობრობა და პარტნიორობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და მომავალშიც ამ მიმართულებით ვივლით”, – აღნიშნა ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები