ევროკავშირი ორჭოსანთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბარიერების უკანონოდ აღმართვაზე განცხადებას ავრცელებს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ.საზღვრის აღმნიშვნელი ბარიერების უკანონოდ აღმართვის თაობაზე ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციულ საზღვართან ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვამ რეგიონში დაძაბულობა გამოიწვია, რომელსაც ნეგატიური გავლენა ექნება ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ საცხოვრებელ პირობებსა და გადაადგილების თავისუფლებაზე. მათივე განცხადებით, პროვოკაციული ნაბიჯები თავიდან უნდა იქნას აცილებული ისევე, როგორც ნებისმიერი ქმედება, რომელიც აფერხებს ვითარების სტაბილიზაციისთვის მიმართულ ძალისხმევას.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
“ევროკავშირი და მისი სადამკვირვებლო მისია ყურადღებით ადევნებს თვალყურს სიტუაციას. დაძაბულობის შემცირების მიზნით, ჩვენ თავშეკავებისა და არსებული – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოყენებისკენ მოვუწოდებთ. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.