შსს-მ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ნიკა შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ბათუმში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები