არაალკოჰოლური სასმელების ასოციაციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

საქართველოს არაალკოჰოლური სასმელების ასოცოაციის წევრებს („აიდიეს ბორჯომი საქართველო”, შპს „კოკა-კოლა ბოთლერ ჯორჯია“, სს „წყალი მარგებელი”, სს „ქართული ლუდის კომპანია“ (ზედაზენი), სს „იბერია რეფრეშმენტსი“ (პეპსი), შპს „აქვა გეო”) პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურთ.
მეწარმეებმა მთავრობის მეთაურს წერილით მიმართეს და სავალდებულო ელექტრონული მარკირების თაობაზე მოსაზრებების და არგუმენტების გასაზიარებლად შეხვედრა სთხოვეს.
საქონლის სავალდებულო ნიშანდება/მარკირება უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 1 იანვრიდან. ელექტრონულ მარკირება, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, შვეიცარულმა კომპანიამ SICPA-მ უნდა განახორციელოს, რომელიც გაწეული მომსახურებისთვის მხოლოდ არაალკოჰოლური სასმელების ნიშანდებიდან წელიწადში 5 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.
ხელშეკრულების ძალაში შესვლა, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე გადაიდო. საკითხი, სამწუხაროდ, დღემდე ღიად რჩება და დადებული ხელეკრულება, ფაქტობრივად, კვლავ ძალაშია.
ამჟამად საკითხზე მიღებულია „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ – 1 სექტემბრიდან ფინანსთა სამინისტრო გეგმავს მარკირებას დაუქვემდებაროს არაალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყალები, ენერგეტიკული სასმელები, წვენები.
„მიგვაჩნია, რომ არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების შემოღების და ამ სერვისისთვის ხარჯების გაწევის ყველა ვარიანტი, რომელიც შემოთავაზებულ იქნა შესაბამისი ორგანოების მხრიდან, არასამართლიანი და არარაციონალურია, ასევე ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებსაც“, – აცხადებენ მეწარმეები.
„ვინაიდან, სახელმწიფოს შვეიცარიულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირდაპირი ადრესატები ჩვენ გახლავართ, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრების სურვილია, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები ქვეყნის პრემიერმინისტრს გავაცნოთ.
გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ მთავრობასთან ერთად, სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობასთან დაკავშირებული ევროკავშირის დირექტივების თანახმად, ჩავერთოთ კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, რომლის შედეგი უნდა იყოს სახელმწიფოს, მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება“, – ნათქვამია ასოციაციის მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები