„ნატომ უნდა გააგრძელოს საქართველოს წევრობის სამომავლო პერსპექტივის დემონსტრირება“
მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრობა შორეული მომავლის საკითხია, ნატომ უნდა გააგრძელოს საქართველოსთან დაახლოება და წევრობის პერსპექტივის დემონსტრირება, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმი შიმ განაცხადა.
ჯეიმს ში თვლის, რომ თუ საუბარი არაა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის დაუყოვნებლივ წევრობაზე, აუცილებელია, პროცესმა წინ წაიწიოს.
„ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საუბარი არ არის საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის დაუყოვნებლივ წევრობაზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესმა წინ წაიწიოს და უნდა მოხერხდეს, რომ თუნდაც სამომავლო პერსპექტივები რეალური გახდეს“, – განაცხადა ჯეიმი შიმ ევროპარლამენტში.
ამასთან, როგორც თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, ნატო ყველაფერს აკეთებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ნატოს სტანდარტები დააკმაყოფილონ. ვარშავის სამიტზე უმთავრესი საკითხი საქართველოს გაწევრიანება იქნება, რომელიც აქტიურად განიხილება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში“, – განაცხადა შიმ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ვარშავაში, 2016 წლის 8-9 ივლისს გაიმართება.