იაშარ უსუპოვი: ამერიკაში ჩემი შვილის ერთი ფეხსაცმელი გაიგზავნა, იქიდან კი წყვილი ფეხსაცმელი დაბრუნდა

რაულ უსუპოვის მამა იაშარ უსუპოვი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეზე მისი დაცვის უფროსის კობა ხარშილაძის ჩვენებას ეხმაურება. გარდაცვლილის მამა ბრალდებულებს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ინტერვიუს დროს მიმართავს. როგორც იაშარ უსუპოვი აცხადებს, ამერიკაში ექსპერტიზის დროს, საქართველოდან მისი შვილის ერთი ფეხსაცმელი გაიგზავნა, ამერიკიდან კი მისი შვილის ორი, ანუ წყვილი ფეხსაცმელი ჩამოვიდა. მისი თქმით, ორივე ფეხსაცმელი დანომრილი იყო. იაშარ უსუპოვი ამავე ინტერვიუში სწორედ ამ კითხვით მიმართავს ბრალდებულებს -ძაძამიასა და ხარშილაძეს, როგორ აღმოჩნდა მისი შვილის წყვილი ფეხსაცმელი ამერიკაში?
„ჩემს სოფელში არავის სჯერა ხარშილაძის ჩვენების და არც ამათი განცხადებების, არც ჩემს 87 წლის მამას, არც რაულის შვილს, რომელიც უკვე მე-7 კლასის მოწაფეა. ძაძამიასაც და ხარშილაძესაც ვურჩევ, ტყუილების და სხვისთვის ლაფის დასხმას თავი დაანებებონ, სიმართლე მაინც იპოვის თავის გზას, მოღალატეებს არავინ უჯერებს.
ძაძამიასა და ხარშილაძეს პროკურატურა ედავება, დაცვის ობიექტი რატომ მიატოვეთო და არა „ეფ-ბი-აის“ დასკვნაზე. ამერიკულ მხარეს რა სიმართლე უნდა ეწეროს, როდესაც ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, რაულის ტანსაცმელთან ერთად ამერიკაში მისი ცალი ფეხსაცმელი გაიგზავნა – მოგეხსენებათ, რომ ცალი დაეკარგათ. ამერიკიდან კი ორი ფეხსაცმელი დაბრუნდა, თანაც დანომრილი. საიდან მოიტანეს მერე ფეხსაცმელი! ესე იგი ფაქტები გააყალბეს. მიპასუხონ ხარშილაძემ და ძაძამიამ, რომლებიც ამბობენ, რომ ფეხსაცმელი გვამის გატანის ან შემოტანის დროს დაეკარგათ, მაშინ ვინ და როგორ დააბრუნა ამერიკიდან ერთის ნაცვლად, წყვილი ფეხსაცმელი?“ – აცხადებს იაშარ უსუპოვი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები