ტრაგედია თბილისში – “საოცარი ამბავი მოხდა, წამოსვლის წინ, მაინცდამაინც იმ ოთხეულს გადაუღია ერთად უკანასკნელი ფოტო”

7 ივლისს თიანეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა. ოთხივე გარდაცვლილი მეგობრები იყვნენ. მათ სამშაბათს ეკლესიიდან გაასვენებენ და გლდანის სასაფლაოზე ერთმანეთის გვერდით დაკრძალავენ.
„კვირის პალიტრასთან“ გარდაცვლილი ბიჭების მეგობარი იხსენებს, რომ ბიჭები დაბადების დღის აღსანიშნავად მამკოდის ტყეში იყვნენ. კარგად მოილხინეს და საღამოს, როცა უკან ბრუნდებოდნენ, საწვავი გაუთავდათ. ბენზინი ჩაასხეს და მალევე, ცხვარიჭამიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამკოდის ასახვევთან მათი ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა. გზის ამ მონაკვეთში არანაირი საგზაო ნიშანი არ არის, არც განათებაა, ცუდი მოსახვევია, მიდიხარ და გზა გგონია, სინამდვილეში ხევში ვარდები. ბიჭები 25 მეტრის სიმაღლიდან გადაეშვნენ.
„იმ დღეს გამოცდა მქონდა, ქალაქში არ ვიყავი და მათთან ერთად ვერ წავედი.
დაწერეს, თითქოს მძღოლი ნასვამი იყო და გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა, რაც ტყუილია. შოთა ანჯაფარიძეს არ დაულევია, მის გარდა, ყველანი ნასვამები იყვნენ.
სიცოცხლით სავსე და უკეთილშობილესი ბიჭები იყვნენ, მათზე ავის მთქმელს ვერ ნახავთ.
ზუკა ლემონჯავა 22 წლის იყო, ირაკლი ჭანია – 21-ის, კოკა ჯობავა იმ დღეს გახდა 22-ის, შოთა ანჯაფარიძე 29 წლის იყო. ბიჭები განუყრელი მეგობრები იყვნენ, ერთად ჭამდნენ, ლამის ერთად ეძინათ და ერთად უხაროდათ სიცოცხლე. ერთადაც წავიდნენ… ოთხივენი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ახლა არ ვიცი, მათ გარეშე როგორ ვიცხოვრო.
ირაკლი ჭანია წალენჯიხელი ბიჭია, სექტემბერში უნდა დაოჯახებულიყო. გოგონამ ეს ამბავი რომ გაიგო, ვერ ვაბრუნებდით, სამჯერ გაგვიხდა ცუდად. ირაკლიმ შარშან ჩააბარა პოლიტექნიკურში, სტუდენტი იყო.
მას პატარა ძმა დარჩა, რომელიც იმ დღეს სასწაულებრივად გადარჩა. ძმები მანქანაში გვერდიგვერდ, წინა მხარეს ისხდნენ. როდესაც გადაიჩეხნენ, ღვედი ამოვარდა, კარი გაიხსნა და ლაშა მანქანიდან გადმოვარდა, მერე აღარ ახსოვს, როგორ ამობობღდა ხიდზე. დანარჩენები, ვინც გადარჩნენ, საბარგული გაიღო და იქიდან გადმოცვივდნენ. ირაკლის ძმას მამისთვის დაურეკავს, გვიშველე, უბედურება შეგვემთხვაო.
კოკა ჯობავა დედისერთა, უთბილესი და მოსიყვარულე ბიჭი იყო, უსაყვარლესი ადამიანი. 22-ის გახდა და წავიდა…
შოთა ანჯაფარიძე სოხუმელია, ხატმწერი. მას პატარა შვილი დარჩა, ოთხ თვეში მეორეს ელოდებოდა. შოთა ჩვენი უფროსი მეგობარი და ძალიან ეკლესიური იყო. რჩევას მას ვეკითხებოდით.
ზუკა ლემონჯავა სპორტსმენი იყო, მორაგბე და მაგარი ვაჟკაცი ბიჭი. მას პატარა ძმა დარჩა. ყველანი მორწმუნეები იყვნენ, ერთმანეთზე უკეთესები, გარეგნობით თუ ხასიათით.
ერთი საოცარი ამბავი მოხდა იმ დღეს – მამკოდის ტყეში სხვებიც იყვნენ, მაგრამ წამოსვლის წინ, მაინცდამაინც იმ ოთხეულს გადაუღია ერთად უკანასკნელი სამახსოვრო ფოტო. კარგა ხანს ვერ მოვინელებთ ამ ტკივილს“.

11719836_926787800698433_353970563_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები