კიევში დაპირისპირების შედეგად 1 400-მდე ადამიანი დაშავდა
კიევში, ბოლო ორი დღის განმავლობაში დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებების შედეგად, 1 400-მდე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ მაიდანის სამედიცინო სამსახურის კოორდინატორმა ოლეგ მუსიმ განაცხადა. „დაზარალებულთა უმრავლესობას ტყვიითა და ყუმბარის ნამსხვრევებით სახეზე და ფეხზე მიყენებული ჭრილობები აღენიშნება“, – აცხადებს მუსიმი. მისივე თქმით, ბევრი დაზარალებული უარს ამბობს სახელმწიფო – სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობაზე, რადგან საქმეში სამართალდამცავები ერევიან. სამკურნალო დაწესებულებებში მისული ზოგიერთი დაზარალებული პირდაპირ მილიციაში წაიყვანეს. კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება 19 იანვარს დაიწყო. დაპირისპირების მიზეზი ახალი კანონი გახდა, რომელიც აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს