სვეტიცხოველში იატაკის მოპირკეთება დარღვევით მოხდა – რას აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში

მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, იატაკის ახალი ფილებით მოპირკეთების თაობაზე არქიტექტორს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ნებართვა არ ჰქონია.
როგორც “კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა თეა ონიანმა განუცხადა, არქიტექტორ თემურ ბერიძის მიერ სააგენტოში წარდგენილი ესკიზი, რომელზეც ასახული იყო, თუ რა სახის ფილებით იგეგმებოდა მოცემული ტერიტორიის მოპირკეთება, სააგენტომ არ მოიწონა.
ონიანის თქმით, არქიტექტორს მიეცა რეკომენდაცია, რომ წარმოედგინა სხვა ესკიზი, რომელიც უფრო შესაბამისი იქნებოდა ძეგლის ინტერიერთან, თუმცა მან ეს არ გააკეთა და სვეტიცხოვლის ტაძრის იატაკის გარკვეული მონაკვეთი პირველად წარდგენილი ესკიზის თანახმად უნებართვოდ მოაპირკეთა. ონიანის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საპატრიარქო ერთობლივად დაიწყებენ იმაზე მუშაობას, რომ პრობლემა აღმოიფხვრას და იატაკის მონაკვეთის სახე ტაძრის ინტერიერთან შესაბამისობაში მოვიდეს.
„სვეტიცხოვლის ინტერიერში, როგორც მოგეხსენებათ, განთავსებულია სხვადასხვა საფლავი. დღესდღეობით შეიცვალა მელქისედეკ კათალიკოსისა და ვახტანგ გორგასლის საფლავის ქვები, სააგენტოში აღნიშნული ქმედების თაობაზე წარმოდგენილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია. პოროექტის ავტორის მიერ ესკიზის სახით იყო წარმოდგენილი ის, თუ რის გაკეთებას გეგმავდა, მათ შორის ესკიზში იყო წარმოდგენილი, რა ფორმის ფილებით აპირებდა მოპირკეთებას. სააგენტოს მხრიდან პროექტის ავტორს მიეცა გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები. ეს იყო სიმაღლის დადაბლება, ფერთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც, სამწუხაროდ, არ იქნა პროექტის ავტორის მიერ გათვალისწინებული, მას მიეცა რეკომენდაციები და შესწორებები და განემარტა, რომ წარმოედგინა ისეთი ესკიზი, რომელიც მოსაწონი იქნებოდა სააგენტოსთვის და ტაძრის ინტერიერთან შესაბამისობაშიც მოვიდოდა, თუმცა მან ეს არ გააკეთა და თვითნებურად მოხდა ძეგლის ინტერიერში ჩარევები. ჩვენი ინფორმაციით, თავად საპატრიარქოს რესტავრაციის საბჭოსთან არ იყო ეს საპროექტო წინადადება შეთანხმებული. ჩვენგან არ არის არანაირი ნებართვა გაცემული, შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საპატრიარქოსა და ჩვენი ჩართულობით პრობლემა აღმოიფხვრას და მეტ-ნაკლებად მოპირკეთება შესაბამისობაში მოვიდეს ძეგლის იერსახესთან“,- განუცხადა “კვირას“ თეა ონიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები