მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის მეოთხე სხდომა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, კომისიის წევრები მოისმენენ ინფორმაციას 2013 წელს საყოველთაო აღწერის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ. სხდომას ესწრება მთავრობა თითქმის სრული შემადგენლობით და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე. სხდომაზე განიხილავენ და დაამტკიცებენ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამის განახლებულ ვარიანტს. ასევე, საქსტატის ხელმძღვანელობა წარმოადგენს ინფორმაციას აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისას თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტით უზრუნველყოფის შესახებ. “განვიხილავთ 2013 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშს და, გარდა ამისა, საუბარი იქნება 2014 წელს დაგეგმილი მოსამზადებელი მუშაობის გრაფიკზე, ასევე იმ საჭიროებებზე, რაც გააჩნია მოსახლეობის აღწერის სამუშაო ჯგუფს. დაზუსტდება წინასწარი შემოვლითი აღწერა, რომ ყველა რეგიონი მოვიცვათ და ამის შემდეგ მოვემზადოდ საყოველთაო აღწერისთვის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის ნოემბერში ჩატარდება.