ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ადამიანები და ანსამბლები დაჯილდოვდებიან
9 ივლისს ფონდ „ქართული გალობის“ ყოველწლიურ ღონისძიებაზე იმ ადამიანებსა და ანსამბლებს დაასახელებენ, რომლებიც ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდებიან. მანამდე კი, ფონდის ოფისში ყოველწლიური კონცერტის „ქართული სიმღერა – კაცობრიობის საგანძურის“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე ანსამბლი „სუხიშვილები“, ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი, ანსამბლი „დიდგორი“ და სხვა ისეთი ანსამბლები დაჯილდოვდებიან, რომლებმაც ქართული კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.
ამასთან, 9 ივლისს, 19:00 საათზე რუსთაველის აკადემიურ თეატრში ფონდი „ქართული გალობა“ ქართული კულტურის – ხალხური სიმღერის, მრავალხმიანი გალობისა და ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ ადამიანებს ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლი, სამების საკათედრო ტაძრისა და ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდები, ანსამბლი „დიდგორი“, ანსამბლი „ბასიანი“ და სხვ.
ფონდი „ქართული გალობა“ ასევე გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგი ნომინაციების მიხედვით: საუკუნის ანსამბლი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, ღვაწლმოსილი ლოტბარი, ქართული გალობის მოამაგენი და ახალი თაობა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ფოტომასალის გამოფენა. კონცერტიდან შემოსული თანხა კი გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
ფონდი „ქართული გალობა“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა.
ფონდის საქმიანობის მიზანია ქართული სიმღერა–გალობისა და ხალხური შემოქმედების განვითარებისთვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.