უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე საყვარელიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას არ ადასტურებს
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ გუზირმა განაცხადა, რომ პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის, გუზირმა ასევე უარყო ინფორმაცია, რომ მასსა და საყვარელიძეს შორის კონფლიქტი არსებობს.
„სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემი კოლეგის მიმართ არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დავით საყვარელიძე სათავეში უდგას ქვედანაყოფს, რომელიც პროკურატურის რეფორმირებით არის დაკავებული და მის უფლებამოსილებაში შედის გამოძიების ჩატარება გენერალური პროკურატურის მუშაკთა წინააღმდეგ. სწორედ ამ ტიპის გამოძიებაზეა საუბარი“, – განაცხადა გუზირმა.
„არანაირი კონფლიქტი ჩემსა და დავით საყვარელიძეს შორის არ არსებობს, კონფლიქტის შემთხვევაში გენერალური პროკურორი ამ საკითხს თანამდებობიდან გადაყენებით ძალზე მალე მოაგვარებდა. ჩემი ასაკი და დავითის ზრდილობა რაიმე კონფლიქტის შესაძლებლობას გამორიცხავს“ , – აცხადებს გუზირი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ გუზირმა გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანება გასცა, ჟურნალისტმა ვლადიმერ ბოიკომ გაავრცელა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა მუსტაფა ნაიემმა დაადასტურა. ამ ინფორმაციის მიხედვით, საქმე “სახელმწიფო შენობაში უკანონოდ შეჭრის“ მუხლით აღიძრა. „სავარაუდოდ, დავით საყვარელიძემ არ ჩათვალა საჭიროდ, შეატყობინოს ხელმძღვანელობას ამ ოპერაციის შესახებ. ეს გასაგებიც არის – კორუფციისთვის დაკავებული ალექსანდრე კორნიეცი ვლადიმერ გუზირის და გენპროკურორ ვიქტორ შოკინის ახლო მეგობარია. მეორე დაკავებული ვლადიმერ შაპაკინი – ასევე შოკინის ახლო მეგობრად ითვლება“, – დაწერა ნაიემმა ფეისბუქში. მისი თქმით, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საბოლოოდ დავით საყვარელიძის მხარეს დადგა. შეგახსენებთ, რომ ჩხრეკა კიევის საოლქო პორკურატურის შენობაში 5 ივლისს ჩატარდა, დაკავებულები არიან უკრაინის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ვლადიმერ შაპაკინი და კიევის ოლქის პროკურორის მოადგილე ალექსანდრე კორნიეცი, მათ ქრთამის აღება ედებათ ბრალად.