გელათის მონასტრის საკონსერვაციო გეგმა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიაზე დადებითად შეფასდა
გელათის მონასტრის საკონსერვაციო გეგმა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე დადებითად არის შეფასებული, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ საერთაშორისო კონვენციით დადგენილი მეთოდების დაცვა და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის განმსაზღვრელია, მთავარ მიზნად ისახავს საფრთხის ქვეშ მყოფი გელათის მონასტრის არსებული სტატუსის რეაბილიტაციას და ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნებას.
“ქართული მხარის მხრიდან საერთაშორისო კონვენციით დადგენილი მეთოდების დაცვა და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის განმსაზღვრელია, მთავარ მიზნად ისახავს საფრთხის ქვეშ მყოფი გელათის მონასტრის არსებული სტატუსის რეაბილიტაციას და ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნებას. გელათის მთავარ, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აქტიური სარეაბილიტაციო და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, გელათის რეაბილიტაცია 2008 წელს დაიწყო. სახელმწიფოს დაკვეთით ქართველი, ესპანელი და გერმანელი სპეციალისტების მიერ, კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ გელათის სრული რეაბილიტაციის პროექტი მოამზადა, რომლის ფარგლებში ამ დროისთვის სრულად აღდგენილია – გელათის აკადემია, აღმოსავლეთისა და დავითის კარიბჭე, სამრეკლო, წმ ნიკოლოზის ეკლესია და გაბრიელ ქიქოძის საეპისკოპოსო სასახლე. გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში კონსერვაცია ჩაუტარდა ფრაგმენტულად შემორჩენილ XIV საუკუნის კედლის მხატვრობასა და წმ. მარინეს ეკვდერის XV-XVI საუკუნის ფრესკებს”,- აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
2013-2015 წლებში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, ქართულმა მხარემ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრების მნიშვნელოვანი მოდიფიცირების დოკუმენტი და გელათის მონასტრის მართვის გეგმის პროექტი წარუდგინა.
ამ დროისთვის გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე მუშაობა დასრულებულია და გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება იგეგმება.