შსს-მ კუმისში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიება ჩაატარა (ფოტოკოლაჟი)
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-ში შევიდა შეტყობინება გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში გაჩენილი ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა გაგზავნილი კუმისის განყოფილების ავტოცისტერნა. იმის გამო, რომ ცეცხლი გამხმარ ბალახს ეკიდა და იყო საშიშროება ხანძრის ფართო ტერიტორიაზე გავრცელების, ოპერაციაში ჩართულ იქნა თბილისის, გარდაბნის და რუსთავის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 14 სახანძრო და სამაშველო ერთეული. ხანძრის ქრობის ღონისძიებაში მონაწილეობდა 120 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი. ხანძრის შედეგად დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლი და სამი დამხმარე ტიპის ნაგებობა. დაშავებული არაა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.