პირველად საქართველოში: რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი იწყება (ფოტოკოლაჟი)
პირველად საქართველოში, რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი იწყება.
ფესტივალი ქ. ფოთში, ამა წლის 15 ივლისს დაიწყება და 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ “დღესა“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაიგეგმა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე, იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის თეატრები.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტის მიზანია სხვადასხვა საერთაშორისო თეატრებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და დამეგობრება.
პროექტის ფარგლებში უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ, არამედ მათ საქართველოს ღირსშესანიშნაობების, ქართული კულტურისა და ქვეყნის უკეთ გაცნობის საშუალება ექნებათ.
ორგანიზატორების თქმით, ფესტივალს, რომელიც საქართველოში წელს პირველად იმართება, ყოველწლიური სახე მიეცემა.
ფესტივალზე მიწვეულები არიან: საქართველოს მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი, საქართველოს პრეზიდენტის აპარატი, საქართველოს პარლამენტის წევრები, საზოგადო მოღვაწეები, ბიზნეს და კერძო სტრუქტურის წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში არა მარტო კულტურული აქტივობების პრეზენტაცია, არამედ ტურიზმის კონკრეტული სეგმენტის პოპულარიზაცია მოხდება. რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს სრულ საინფორმაციო მხარდაჭერას პორტალი “კვირა” გაუწევს. როგორც პორტალ “კვირას” კომერციულმა დირექტორმა, ანა ჩანგიანმა განაცხადა, იგი მსგავს პროექტებს მიესალმება და ასეთ მასშტაბურ ფესტივალს პორტალი “კვირა” სრულ მხარდაჭერას მომავალშიც გამოუცხადებს.