საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა თბილისისთვის მნიშვნელოვანი სამი საკითხი განიხილეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიუროს წევრებმა საკრებულოს სხდომის დღის წერიგი დაამტკიცეს, რომელიც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცებას ეხება.
დღესვე დეპუტატებმა დედაქალაქის მერის ორი წერილი განიხილეს და ჩიქობავას #51-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერებისა და გლდანის რაიონში მ. ნოზაძის ქუჩის მიმდებარედ ,,სააფთრე ხევის“ სანიაღვრე კოლექტორის 70 მეტრიანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოებისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს. აღნიშნულ საკითხებს ბიუროს წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.