ბათუმში ახალი რკინიგზა გაიხსნა – გაძვირდება თუ არა მგზავრობა თბილისიდან – ბათუმამდე
ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნა. „მგზავრები ზღვისპირა ქალაქში მატარებლით ჩასვლას იმავე დროში, იმავე ფასად შეძლებენ, როგორც თბილისიდან მახინჯაურის სადგურამდე. შენობაში 22 500 კვადრატულ მეტრზე რკინიგზის სადგურის გარდა განთავსებულია ბიზნესობიექტები, გასართობი ცენტრები და ავტოსადგური, კომპანია “ბათუმი-ცენტრალმა” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით შეიძინა და მშენებლობისთვის 8 მილიონი დოლარი დახარჯა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი “საქართველოს რკინიგზამ” 3 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელების შედეგად 300-მდე ადამიანი დასაქმდება. ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობამ “საქართველოს რკინიგზასთან” ერთად, მოსახლეობის ინტერესებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით განახორციელა“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში. ახალი სადგური ოთხსართულიანი ბიზნესცენტრის, “ბათუმი-ცენტრალის” შენობაში განთავსდა, სადაც უკვე რკინიგზის მომსახურების სერვის ცენტრი მოეწყო. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე, კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ბათუმისთვის და აჭარისთვის მნიშვნელოვანია და ტურისტების გაზრდას ხელს შეუწყობს.
„ეს არის ერთობლივი პროექტი, რომელშიც თანადაფინანსება შეიტანა საპარტნიორო ფონდმა და რკინიგზამ. ერთობლივი ძალებით ინვესტიციები განხორციელდა და დღეს შესანიშნავ შედეგს ვხედავთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, ბათუმი არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ქალაქი და მთავრობამ ინფრასტრუქტურის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს.
„ბათუმის პოტენციალი დღითიდღე მზარდია. ვხედავთ ათასობით დამსვენებელს. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შევუწყოს ხელი ინფრასტრუქტურის განვითარებას. აჭარაში საკურორტო და ტურისტული სეზონი პიკს უახლოვდება. ხვალიდან, „ჰიტ ბათუმი 2015“ აიღებს სტარტს. რაც ნიშნავს, იმას, რომ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ელით დაუვიწყარი ორი თვე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.